13 აგვისტო 2022,   18:47
ვრცლად
დაანებეთ თავი რევოლუციურ სცენარს, აღიარეთ არჩევნები და მოეშვით ისეთი პოლიტიკური ლოზუნგების დამკვიდრებას, რაც ტორპედირებას უკეთებს პოლიტიკურ პროცესს - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას

ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას, მობრძანდით და თითოეულ საკითხთან დაკავშირებით საგნობრივად ვისაუბროთ. მათ არასდროს ჰქონიათ სურვილი, რაიმე პოზიტიურ პროცესში შემოსულიყვნენ, არც მომავალში ექნებათ, სამწუხაროა, მაგრამ ასეა. რატომ არ შემოუერთდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც უამრავ ბენეფიტს აძლევდა, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ იმედი, რომ არჩევნევნების გზით მოვლენ ხელისუფლებაში, ამიტომ იტოვებენ ყოველთვის დესტრუქციისკენ და რევოლუციისკენ გზას, რომელიც 3 ივლისს უნდა მოეხდინათ, მაგრამ ვერ მოახდინეს - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა "პალიტრანიუსის"  გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, პოზიციას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებადი გარემო სჭირდება, რადგან კონსენსუსი სხვანაირად არ მიიღწევა.

"შესასრულებელ 12 რეკომენდაციასთან  მიმართებაში ვთავაზობთ სამუშაო ვითარებაში ჩართვას. ერთ-ერთი მიმართულება ჩემს კომიტეტსაც აქვს შესასრულებელი. 7 ივლისს დანიშნული გვაქვს კომიტეტის სხდომა, სადაც უნდა დაიდოს კონკრეტული გეგმა, ამ მიმართულებით რა უნდა გავაკეთოთ, უნდა მოხდეს ანალიზი, ამ მიმართულებით რა გვევალება, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების კუთხით რა მდგომარეობა გვაქვს, რა გამოწვევები გვაქვს, რა შეიძლება უკეთესი იყოს, რა არის გამოსასწორებელი, როგორი უნდა იყოს საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, ყველა პოლიტიკური ჯგუფის და ფრაქციის ჩართულობა, ამავე დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს  აქვს შეხვედრა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, როგორ მოხდეს დეპოლარიზაციასთან დაკავშირებული საკითხების  რეალურ ცხოვრებაში იმპლემენტაცია. პოლარიზაცია არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, 35 წელია მოსდევს საქართველოს. ამავე დროს, სასამართლოსთან დაკავშირებით, უკვე ჩანიშნულია კონკრეტული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც იურიდიულ კომიტეტთან არსებობს, სადაც უნდა გაანალიზდეს შემდეგი ნაბიჯები“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

 მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილება ცალკე საკითხია და ამ პროცესთან კავშირში არ არის. 

"პირველი მოსმენით მივიღეთ. ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენთვის უნდა გავაკეთოთ ის, რაც თქვენ გინდათ, მაგრამ გთხოვთ ერთ რამეს, დაანებეთ თავი რევოლუციურ სცენარს, აღიარეთ არჩევნები და მოეშვით ისეთი პოლიტიკური ლოზუნგების დამკვიდრებას, რაც ტორპედირებას უკეთებს პოლიტიკურ პროცესს. ნორმალური პოლიტიკური პროცესი რომ წარმართო, ელემენტარულად გჭირდება პოზიციას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებადი გარემო იყოს, კონსენსუსი სხვანაირად არ მიიღწევა. როცა ერთი გეუბნება, რომ შენ ხარ ეგზისტენციალური მტერი, პრორუსი და შენ ახლა მე უნდა წაგლეკო, აბსურდში ვართ შესული. თავი დაანებეთ ამ აბსურდებს, დაანებეთ თავი ქარის წისქვილებს, მოდით და დემოკრატიულ პროცესში შემოდით. დემოკრატიული პროცესი არის საგნობრივი მუშაობა პარლამენტში, ყოველ მუხლთან მიმართებაში, რომ კომპრომისის გზით რაღაც რეალისტური შედეგი მივიღოთ“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები