13 აგვისტო 2022,   18:39
ვრცლად
ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ოფისში კონსულტაციებს მართავს

ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით, ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ოფისში კონსულტაციებს მართავს.

ოპოზიციის მეორე ნაწილს კი, 5 საათზე არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები აქვს დაგეგმილი, რის შემდეგაც პარტიები, სავარაუდოდ საკუთარ გეგმას გაასაჯაროვებენ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი არ აპირებს ჩაერთოს "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი რეკომენდაციების გეგმის შესრულების პროცესში. ამის მიზეზად ისინი უნდობლობას ასახელებენ. 

"თურმე ჯერ უნდა დავიწყოთ დეპოლარიზაციით და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ სხვა რამე. მათი წარმოდგენით დეპოლარიზაცია ნიშნავს, რომ ქუჩაში არ უნდა გამოხვიდე და მწვავე ლექსიკა არ უნდა გამოიყენო, ოღონდ ისინი გაგინებენ. მათ ყველაფრის ნება აქვთ და თურმე ჩვენ უნდა გავჩერდეთ. ნურას უკაცრავად, დეპოლარიზაცია ნიშნავს ყველა - 12 რეკომენდაციის შესრულებას. ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს გეგმას, რომლის შინაარსსაც ძალიან მალე გაიგებთ,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. 

"ხელისუფლება, რომელმაც დემონსტრაციულად დატოვა შარლ მიშელის შეთანხმება, სხვისკენ ხელს ვერ გაიშვერს. მათ შევახსენებდი, რომ არ იქნებოდა ცუდი დაბრუნებულიყვნენ ამ შეთანხმებაში და მოესმინათ მისი პუნქტები," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

"ქართულ ოცნებაში" კი თვლიან, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი რევოლუციური გეგმაა, სწორედ ამიტომ არ ერთვებიან ისინი სამუშაო პროცესში და ისევ ულტიმატუმის ენით საუბრობენ.

"თუკი პროცესში არ შემოხვედი და დარჩი ამ პოზაში, მაშინ ბოლოს უნდობლობაში აღმოჩნდები. ამიტომ, ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ ეს პროცესი პარლამენტის გარდა ვერსად ვერ წარიმართება, რადგანაც საბოლოოდ  12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, გარკვეული საკანონმდებლო აქტები იქნება მისაღები. როცა როგორ უნდათ ისე იტყვიან და მმართველმა პარტიამ მათი კაპრიზების მიხედვით იმოქმედოს, ასე არ ხდება,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები