13 აგვისტო 2022,   19:08
ვრცლად
ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს ხელი მოაწერეს

ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი. ორივე ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება ნატო-ს 30 ქვეყნის მიერ ამ დოკუმენტების რატიფიკაციის შემდეგ მოხდება. 29 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრებად ოფიციალურად მიიწვია. ალიანსის ლიდერებმა გადაწყვეტილება ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიიღეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ეს შვედეთის, ფინეთის, ნატო-ს და ევროპის საერთო უსაფრთხოებისთვის ისტორიული მომენტია.

"ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია ფინეთისთვის, შვედეთისთვის, ნატო-სა და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ ნატოში ვიპოვეთ საერთო ენა. გასულ კვირას მადრიდში მოკავშირე ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, მოეწვიათ შვედეთი და ფინეთი რომ შეუერთდნენ ალიანსს. დღეს ჩვენ ფორმალურად ხელს მოვაწერთ გაწევრიანების პროტოკოლს. ეს აღნიშნავს რატიფიკაციის პროცესის დაწყებას. ნატოს კარი ევროპული დემოკრატიებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ წვლილი შეიტანონ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში ღია რჩება," - აცხადებს სტოლტენბერგი.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი​ს, პეკა ჰაავისტოს თქმით, სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს, სამომავლოდ გზას ალიანსს​ გაუკვალავს. ​

"ჩვენ ვაფასებთ ალიანსის მხარდაჭერას ფინეთის წევრობასთან დაკავშირებით და ველით სწრაფ რატიფიკაციის პროცესს. გასული 30 წლის განმავლობაში ნატოს და ფინეთს ხანგრძლივი და პრაგმატული პარტნიორობა ჰქონდათ. შვედეთისა და ფინეთის წევრობა არა მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებაში შეიტანს წვლილს, არამედ წვლილს შეიტანს ალიანსის კოლექტიურ უსაფრთხოებაშიც. სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს, გზას გაუკვალავს ალიანსს სამომავლოდ," - ამბობს ჰაავისტო.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ლინდე აცხადებს, რომ როგორც ალიანსის მომავალი წევრი, შვედეთი ხელს შეუწყობს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებას.

"შემდეგი ეტაპია თითოეულ მოკავშირე ქვეყანაში რატიფიცირების პროცესი. როგორც ალიანსის მომავალი წევრი, შვედეთი ხელს შეუწყობს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებას. დარწმუნებულები ვართ, რომ ალიანსში ჩვენი გაწევრიანება გააძლიერებს ნატოს და ევროატლანტიკურ ზონაში სტაბილურობას გაზრდის," - განაცხადა ლინდემ.

დღის ამბები