10 აგვისტო 2022,   21:37
ვრცლად
ოპოზიცია "ოცნების" შეთავაზებას, 12 პუნქტის შესახებ, ისევ არ თანხმდება და საკუთარ გეგმაზე მუშაობს - როგორ აპირებს გეგმის შესრულებას მმართველი გუნდი

ევროკომისიის დავალებაზე მუშაობა პოლიტიკურმა ჯგუფებმა უკვე დაიწყეს. ხედვა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, თუ როგორ უნდა შესრულდეს 12 რეკომენდაცია, განსხვავებულია. "ქართული ოცნების" ოპონენტების ნაწილი სახელისუფლებო გუნდთან პუნქტების შესრულებაზე თანამშრომლობას გამორიცხავს. ისინი საკითხზე ცალკე, დამოუკიდებლად მუშაობენ, სწორედ ამიტომ დღეს მესამე სექტორთან დამატებითი კონსულტაციაც გამართეს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გეგმა, რომლითაც "ქართული ოცნება" რეფორმების გატარებას აპირებს დროის გაჭიანურების მცდელობაა, ამის ნაცვლად ისინი სახელისუფლებო გუნდს საკუთარ მოთხოვნებს უყენებენ - ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა.

"ქართული ოცნებისთვის" ოპოზიციის ეს პოზიცია მხოლოდ ერთს ნიშნავს - ჩავარდეს ის გეგმა, რომლითაც მმართველი პარტია რეკომენდაციების შესრულებას აპირებს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ თანამშრომლობაზე უარი ოპონენტების მხრიდან ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას, რაზეც მათი თქმით, სწორედ ორივე მხარის აქტიური მუშაობაა საჭირო.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე მუშაობის პარალელურად, "ქართულ ოცნებას" "ლელო" კვლავ მოუწოდებს დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს. პარტიაში ფიქრობენ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია. ამ მოსაზრების საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ ოპონენტებს შეთანხმების პუნქტები შეახსენა, რომლებიც სახელისუფლებო გუნდის თქმით, სწორედ "ლელომ" არ შეასრულა

უკვე ცნობილია, როდის დაიწყებს "ქართული ოცნება" რეკომენდაციების გეგმაზე მუშაობას, საკანონმდებლო ორგანოში უკვე გაწერილია კომიტეტების დრო და ფორმატი. მასში მონაწილეობა უკვე დაანონსა "გირჩმა", სადაც ფიქრობენ, რომ დათქმების განხორციელება მხოლოდ დიალოგით და ურთიერთთანამშრომლობითაა შესაძლებელი. პროცესში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდიც, თუმცა, გარკვეული პირობების სანაცვლოდ.

იმისთვის, რომ ბრიუსელის გზავნილები შესრულდეს 7 ივლისს უკვე ჩაინიშნა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა და დეპოლარიზაციის თემაზე მსჯელობა ოპოზიციასთან ერთად. პარალელურად, "ქართული ოცნება," პოლიტიკურ პარტიებს კვლავ მოუწოდებს ჩაერთონ ამ პროცესში.

დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა - ეს ის მიმართულებებია, რომლებზეც მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქართულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა აქტიურად, ერთობლივად უნდა იმუშაონ. პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები ევროპული მომავლისთვის ბრიუსელის პირობების შესრულების აუცილებლობაზე თანხმდებიან, თუმცა მთავარი უთანხმოება სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულების ხედვასთან მიმართებით აქვთ.

დღის ამბები