19 აგვისტო 2022,   11:59
ვრცლად
ქსენოფობია არასოდეს ყოფილა და არც იქნება ქართული კულტურის ნაწილი, მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა - კობახიძე 

ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა. 

"განცხადებებზე, რომელთა მიხედვით საქართველოში რუსეთიდან მასობრივად არა ტურისტები, არამედ სამხედროები და სპეცსამსახურების თანამშრომლები შემოდიან, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ.
 
თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა. შეგახსენებთ, რომ ამ კამპანიის შედეგად მარტში მძიმე ინციდენტი დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში სამი წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალს თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს.
 
ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ. ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს. ყველას კარგად გვახსოვს, 2011 წელს როგორ ამაყობდა მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან შემოსული ტურისტების მზარდი ნაკადით. იმავე პერიოდს განეკუთვნება ვანო მერაბიშვილის ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ რუსულ ფულს სუნი არ უდიოდა.
 
ყველას კარგად გვახსოვს ომისა და ღალატის პარტიის პროვოკაციული ქმედებები - ომის დაწყებისთანავე ანტისამთავრობო აქციების გამართვა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა და სხვ. ყველას გვახსოვს ომის რიტორიკა ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას, დავით უსუფაშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის, თენგიზ გოგოტიშვილის, გიორგი მარგველაშვილის, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და ნაციონალური მოძრაობის უცხოელი ლობისტების შესრულებით. საბოლოოდ, საზოგადოების ჯანსაღი და მკვეთრი რეაქციის გამო, ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ომისკენ უბიძგებდნენ, უკან დახევა მოუწიათ და დღეს ისინი თავის მართლების რეჟიმში არიან გადასული.
 
თუმცა, რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები