19 აგვისტო 2022,   13:02
ვრცლად
როგორ უნდა შესრულდეს ბრიუსელის მესამე რეკომენდაცია სასამართლო რეფორმის შესახებ - სამუშაო ჯგუფების შეხვედრები

როგორ უნდა შესრულდეს ბრიუსელის მესამე რეკომენდაცია - ტექნიკური საკითხების მოგვარებიდან სამუშაო ჯგუფი საქმეზე გადავიდა. მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება "ოცნებამ", ოპოზიციის ნაწილმა და მესამე სექტორმა ერთობლივად მოახდინეს. სამ საათიან შეხვედრაზე მხარეებმა დღეს მხოლოდ საკუთარი მოსაზრებები გაცვალეს. 21 კაციან სამუშაო ჯგუფში უზენაესი სასამართლოს, პროკურატურის და სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

სანამ ერთი ჯგუფი სასამართლო რეფორმაზე მსჯელობდა, მეორე სამუშო შემადგენლობამ უკვე გამზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დააინიცირა. საუბარია ბრიუსელის მე-11 რეკომენდაციაზე, რომელიც ქართველ მოსამართლეებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ევროპული სასამართლო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.

სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადებამდე ჯგუფის წევრები პრობლემების იდენტიფიცირებისთვის შეიკრიბნენ. რა არის სისტემის მთავარი გამოწვევა - 21 კაციან ჯგუფში ხედვები განსხვავებულია.

ე.წ. კლანის არსებობა სამუშაო ჯგუფის მოსამართლე წევრებისთვის დაუსაბუთებელი ბრალდებაა და არა პრობლემა. მოსამართლეები ამბობენ, რომ დღეს სისტემას აქვს სხვა რეალური გამოწვევები, მათ შორის საქმეთა გადატვირთულობა, რაზეც ისინი ჯგუფის ფარგლებში მუშაობის გაგრძელებას აპირებენ.

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ოპოზიციისთვის კი მთავარი პრობლემა სასამართლოს მიმართ უნდობლობაა. გამოსავალს ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაში ხედავენ.

სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისთვის პროცესში ჩართული მხარეების კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას მმართველი გუნდი. "ქართული ოცნება" სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან გამოწვევებად დასახელებულ საკითხებზე კონკრეტულ არგუმენტებს ელოდება.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი 15 აგვისტოს ისევ შეიკრიბება. შეხვედრების საბოლოო მიზანი, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების მომზადებაა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისი. გეგმის თანახმად, ევროკომისიის მესამე პუნქტზე საკანონმდებლო პაკეტი 1-ელ ოქტომბრამდე უნდა მომზადდეს. პროექტი კი განხილვამდე შეფასებისთვის ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს გადაეგზავნება.

დღის ამბები