05 ოქტომბერი 2022,   17:02
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" რუსი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს - რას პასუხობენ მათ მმართველ გუნდში

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს. ნიკა მელიამ მთავრობას კონკრეტული წინადადებებით მიმართა. მისი განცხადებით, სახელისუფლებო გუნდმა, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების ვიზიტების მიზნობრიობა უნდა გაასაჯაროოს, გარდა ამისა შეზღუდვები უნდა დაწესდეს ქვეყანაში ყოფნის ვადებთან და ასევე ქონების შესყიდვისა და ბიზნესის რეგისტრაციის კუთხითაც.

"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს მოქმედი მთავრობის ხელმძღვანელმა წარსულის შეხსენებით უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილმა გაიხსენა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან რადენიმე თვეში, მაშინდელი პრეზიდენტი პირადად ეპატიჟებოდა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში და საგანგებოდ მათთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა. არქივი ინახავს 2012 წლის 9 აპრილის კადრებს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველო-რუსეთის საზღვართან ჩავიდა და ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად ესაუბრებოდა რუსეთის მოქალაქეებს.

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დღეს ვიზიტორებისთვის შეზღუდვების დაწესების მოთხოვნას, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს.

ტურიზმის სტატისტიკასა და ქვეყნის ეკონომიკაში მის როლზე, ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა. ლევან დავითაშვილს მიაჩნია, რომ მავნებლობაა ხელი შეუშალო საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სახელისუფლებო გუნდის განცხადებებს, რომ ოპოზიცია რუსი ტურისტების წინააღმდეგია, არ იზიარებენ ბრალდების ადრესატები. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ შეზღუდვების დაწესებას მხოლოდ იმ პირებისთვის ითხოვენ, რომლებიც საქართველოში დარჩენას ხანგრძლივი ვადით გეგმავენ.

ეთნიკური ნიშნით ადამიანების გარჩევა "ქართული ოცნებისთვის" ქსენოფობიაა. მმართველ პარტიაში ოპონენტებს ურჩევენ ადამიანის უფლებების პრინციპებს გადახედონ და დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ კამპანიაზე უარი თქვან.

არაერთი პოლიტიკური ბრალდების ფონზე, სახელისუფლებო პარტია ოპონენტებს ურჩევს სტატისტიკით იხელმძღვანელონ, რომელიც მათი თქმით, მნიშვნელოვნად განსხვავდება 2019 წლის მონაცემებთან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ წელს გაცილებით ნაკლებია რუსეთიდან შემოსული პირების რაოდენობა, ვიდრე ეს თუნდაც 3 წლის წინ იყო.

დღის ამბები