03 ოქტომბერი 2022,   03:31
ვრცლად
ხმაურის მიუხედავად, რუსთავის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა - ოპოზიციას კითხვები ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებთან დაკავშირებით ჰქონდა

რუსთავის მერი საკრებულოს სხდომაზე, ქალაქის ბიუჯეტში დაგეგმილი იმ ცვლილებების განსახილველად მივიდა, რაც რუსთავში ახალი პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარდეს. თუმცა, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქის საკრებულო, რომლის უმრავლესობას ოპოზიცია შეადგენს, სარეაბილიტაციო პროექტებს ბლოკავს.

რუსთავის საკრებულოს წევრებს "ნაციონალური მოძრაობიდან" კითხვები აქვთ ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებთან დაკავშირებით. საკრებულოს სხდომაზე პროექტების შესახებ საუბარი მხარეებს შორის სიტყვიერ კამათში გადაიზარდა.

დაპირისპირების მიუხედავად, საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ქალაქის ბიუჯეტი მილიონ ცხრაასი ათასი ლარით გაიზარდა და საბოლოო ჯამში, 102 მილიონი ლარი შეადგინა. საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ამბობს, რომ დამატებითი შემოსავალი რუსთავს, დამატებით ბენეფიტებს მოუტანს.

უახლოეს პერიოდში რუსთავში 14 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელება იგეგმება. თანხა ძირითადად, ინფრასტრუქტურული მიმართულებით - გზების , ქუჩებისა და სკვერების მოწყობაზე დაიხარჯება. რუსთავის მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქალაქში, ჯამში, 80 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები ხორციელდება. ნინო ლაცაბიძის განმარტებით, ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, ახალი პროექტების მსვლელობა არ შეჩერდება.

მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ხშირად აფერხებს პროექტების განხორციელებას. მაგალითად, ზაფხულის დასაწყისში, "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "საქართველოს" წარმომადგენლებმა ის საბიუჯეტო ცვლილება დაბლოკეს, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მკურნალობისა და სტუდენტების სწავლის დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა. მათ, ასევე, შეაჩერეს პროექტები, რომლებიც რუსთავში 60 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებდა.

დღის ამბები