07 ოქტომბერი 2022,   09:46
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრული მზადყოფნაა როგორც სახელმწიფოს, ისე მეღვინეობის კერძო სექტორის მხრიდან. განიხილეს ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა განხორციელება რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებისთვისაა აუცილებელი.

ხაზი გაესვა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, ყველა მევენახე ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას და ამასთან ერთად, შენარჩუნებული იქნება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა.

აღინიშნა, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს ქალაქ თელავში გაიხსნება და ტრადიციულად, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეების სუბსიდირება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული დეტალები უახლოეს მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ესწრებოდნენ.

დღის ამბები