07 ოქტომბერი 2022,   10:24
ვრცლად
ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, რამდენიმე საათში, ნიუ - იორკის შტატის გენერალურ პროკურორს, ჩვენებას მისცემს - ახალი სკანდალი დონალდ ტრამპის ირგვლივ

დონალდ ტრამპი უკვე გამოცხადდა ნიუ იორკის გენერალური პროკურორის ოფისში, თუმცა ის ამერიკის კონსტიტუციის მეხუთე მუხლის გამოყენებით, უარს აცხადებს პროკურორის კითხვებს უპასუხოს.

ტრამპის დაკითხვაზე დაბარება ემთხვევა ნიუ-იორკის შტატის ხანგრძლივი გამოძიების დასასრულს - ითაღლითა თუ არა ტრამპის ორგანიზაციამ კრედიტორებთან, დაზღვევის წარმომადგენლებთან და საგადასახადო ორგანოებთან, მათთვის შეცდომაში შემყვანი ფინანსური ანგარიშგების მიწოდებით. პროკურორთან შეხვედრას რომ გეგმავდა, ეს თავად ტრამპმა, საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ თავდასხმაზე საუბრობს.

თეთრ სახლში კი აცხადებენ, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს გეგმების შესახებ მოქმედმა პრეზიდენტმა არაფერი იცოდა. ადმინისტრაციის სპიკერმა განმარტა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ფედერალურ ბიუროს პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივ ბრალდებასაც უყენებს. ტრამპი მტკიცებულებების გაყალბების შესაძლებლობაზე წერს, რადგან მისი თქმით, აგენტებმა რეზიდენცია თვითმხილველების გარეშე გაჩხრიკეს.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, ფლორიდის შტატში მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა გუშინ ჩაატარა. ტრამპის დაცვის მხარემ დაადასტურა, რომ FBI-მ "მარ-ა-ლაგოს" რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრაპის წინააღმდეგ ფედერალურმა ბიურომ გამოძიება აპრილში დაიწყო, საუბარია ეროვნული არქივის კონგრესისადმი მიმართვაზე, რომლის თანახმად, ტრამპის სახლში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით დოკუმენტები, რომელთა ნაწილი გრიფირებულია, როგორც საიდუმლო. კანონმდებლობის თანახმად კი, პრეზიდენტი ვადის ამოწურვის შემდეგ ვალდებულია, ეროვნულ არქივს გადასცეს პირადი და ელექტრონული მიმოწერები, ასევე სამუშაო დოკუმენტები.

სწორედ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები ტრამპის თანაპარტიელებს. რესპუბლიკელი კონგრესმენები საქმის პოლიტიკურ მოტივზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება დაუშვებელია.

მას შემდეგ რაც ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპის რეზიდენცია გაჩხრიკეს, კონგრესმენმა სკოტ პერიმ განაცხადა, რომ აგენტებმა მას პირადი ტელეფონი ჩამოართვეს. რა კავშირი აქვს კონგრესმენს ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან, ჯერ უცნობია. სკოტ პერი ამერიკულ მედიასთან დეტალურად იხსენებს მომხდარს და ყვება, რომ დილით, როდესაც ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, მასთან ფედერალური ბიუროს სამი აგენტი მივიდა და კუთვნილი ტელეფონი ჩამოართვა.

ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო და რეზონანსული საქმის დეტალებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს. ვრცელდება დამატებითი ინფორმაცია საქმის ფიგურანტებზე. მაგალითად, ფოქს ნიუსი წერს, რომ ფედერალურმა მოსამართლემ, რომელმაც ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ორდერს ხელი მოაწერა, 2008 წელს ათასობით დოლარი შეწირა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიას.

დღის ამბები