03 ოქტომბერი 2022,   03:08
ვრცლად
ვარკეთილში, ავარიული კორპუსიდან ევაკუირებულ ყველა ოჯახს, საცხოვრებლით სახელმწიფო უზრუნველყოფს

ვარკეთილის მესამე მასივში, ავარიულ კორპუსში სპეციალისტები შედიან. მათ კიდევ ერთხელ უნდა შეაფასონ მდგომარეობა. ვარკეთილში ოთხსართულიანი შენობა ავარიულია და დემონტაჟს ექვემდებარება. კორპუსიდან ყველა ოჯახი უკვე ევაკუირებულია - მათ საცხოვრებლით სახელმწიფო უზრუნველყოფს.

მოსახლეობის თქმით, მოსახლეობის გადაყვანა ჯერ-ჯერობით სასტუმროში მოხდება, მიმდინარეობს ბინების ქირით მოძიების პროცესი. მათ საცხოვრებლებიდან პირადი ნივთები გამოიტანეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაახლოებით 2 წელია კორპუსში ასეთი სიტუაციაა. გამგეობა მათ სთავაზობდა ქირით გაყვანას, თუმცა, მათივე თქმით, ბოლო მომენტამდე ეს ვერ მოახერხეს.

სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე, სოსო ბურდულაძე ამბობს, რომ კორპუსიდან ევაკუირებული ადამიანები, სასტუმროებში საცხოვრებლით სრულად არიან უზრუნველყოფილნი და ახლა, მათთვის ქირით ბინების მოძიების პროცესი მიმდინარეობს.

"გუშინდელი მდგომარეობით მოხდა კორპუსის დაძვრა, ჩატარდა კვლევები, არის უკვე სიცოცხლისთვის სახიფათო. გაზის გაჟონვა მოხდა და რამდენიმე ფლიგელია ჩამოშლილი. წუხელ, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გაყვანილ იქნა 55 ადამიანი სასტუმროში, აქვთ შესაბამისი პირობები, 3-ჯერადი კვება და უზრუნველყოფილი არიან. მიმდინარეობს ბინების მოძიება მათ მიერ და ჩვენც ვეხმარებით მუნიციპალური მერიის თანამშრომლები, რომ მოხდეს დროულად მათი ქირით გადაყვანა", - აცხადებს ბურდულაძე.

დღის ამბები