07 ოქტომბერი 2022,   09:52
ვრცლად
ფიროსმანის ნახატი და კონტეინერებში შენახული რადიოაქტიური ნივთიერება - სუსმა ბრალდებულები იმ დროს აიყვანა, როდესაც ისინი საშიში ნივთიერების გასაღებას 1200000 დოლარად აპირებდნენ

სამი პირი, რომელიც რადიოაქტიური ნარჩენებისა და ნივთიერების უკანონო მოპოვება, შენახვა, ფლობისა და ვაჭრობის საქმეზე დააკავეს, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. პროკურორმა სხდომათა დარბაზში განმარტა, რომ არსებობს ბრალდებულების მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. ბრალდების მხარის მტკიცებით, არსებობს ახალი დანაშაულის საშიშროებაც. პროკურორის განცხადებით, გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ დაკავებულები ფიროსმანის ორიგინალ ნახატს ფლობენ და მის რეალიზებასაც გეგმავენ. ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება.

სანამ ფიროსმანის ნახატის ავთენტურობა გაირკვევა, დაკავებულებს, ამ ეტაპზე, მხოლოდ რადიოაქტიური ნარჩენებისა და ნივთიერების შენახვა-რეალიზაციას ედავებიან. ირკვევა, რომ ნივთიერებას რამდენიმე კონტეინერში პირები თბილისსა და საგარეჯოში ინახავდნენ და მის გასაღებას მილიონ 200 ათას დოლარად გეგმავდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ფარული ვიდეომასალის მიხედვით, ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ მათ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება ჰქონდათ.

რამდენიმე კონტეინერში განთავსებული ფხვიერი და თხევადი ნივთიერება, დაკავებული თამაზ გურგენაშვილის საცხოვრებელ სახლში, სოფელ ბადიაურში თივის ზვინის ქვეშ საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოიღეს. ადგილზე დააკავეს ბრალდებულიც, რომლის ადვოკატიც ამბობს, რომ ბრალდებულს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის ციანიდის რეალიზებას ცდილობდა. ინტერესების დამცველის განცხადებით, ექსპერტიზის მიხედვით, ფხვიერი მასა დარიშხანი, ხოლო თხევადი ნივთიერება რადიოაქტიური აღმოჩნდა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდებულ თამაზ გურგენიშვილსა და ბესარიონ ალუღლიშვილს რამდენიმე კონტეინერით რადიოაქტიური ნივთიერება, ასევე, ფხვიერი მასა ლამბალოს სკოლის დირექტორმა გადასცა და რეალიზაცია დაავალა. საქმის მასალების მიხედვით, სამივე პირი შეთანხმდა, რომ თანხას გაიყოფდნენ. "კურიერმა" გაარკვია, რომ მილიონ 200 ათასი დოლარი არა სამზე, არამედ 4 პირზე უნდა გადანაწილებულიყო. ადვოკატების თქმით, მეოთხე იყო ადამიანი, ვინც როსტიაშვილს დიდი ოდენობით გამა რადიოაქტიური ნივთიერება თბილისში გადასცა. ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

"კურიერმა" გაარკვია, რომ რეალიზაციის მიზნით მიღებულ ნივთიერებას ბრალდებულები სისტემატურად უცვლიდნენ სამალავს, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით კი ეძებდნენ მყიდველს. საქმის მასალების მიხედვით, საგარეჯოში, პირების ინტერესის შესახებ ბევრმა შეიტყო, ერთ-ერთმა მოქალაქემ კი გამოძიებას მიმართა.

მიმართვის საფუძველზე პროცესში სახელმწიფო უსაფრთხების სამსახური ჩაერთო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოპერატიული თანამშრომლის ჩართულობით, სამივე პირი რეალიზაციის პროცესში აიყვანეს.

დღის ამბები