09 თებერვალი 2023,   14:02
ვრცლად
დღეს ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს - ნიუ-იორკში ჩავიდა რუსეთის დელეგაციაც, რომელსაც ლავროვი ხელმძღვანელობს

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მანამდე ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტსაც შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა და მათი კიდევ უფრო გაღრმავება იყო.

უკრაინაში ომი, ევროპული უსაფრთხოება, ენერგოკრიზისი და შვეიცარიის მანდატი, როგორც დამცველი ძალა საქართველოს და რუსეთს შორის, - ეს თემები იყო განხილული შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერის შეხვედრაზე, რომელიც გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, იგნასიო კასისთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შვეიცარიასთან სხვადასხვა სფეროში პარტნიორულ, მათ შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. დღესვე პრემიერი შეხვდა ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს. ამ შეხვედრაზე ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემა ერთმანეთს ორივე მხარემ დაუდასტურა. ჩინეთის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია.

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დღეს შეხვედრაზე იმყოფებოდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროპის და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდთან. ქართველმა დიპლომატმა "კურიერთან" საუბარში ხაზი გაუსვა ვაშინგტონის ინტერესს, რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება განმტკიცდეს.

ნიუ-იორკში ჩავიდა რუსეთის დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. სერგეი ლავროვი თავის ანტურაჟთან ერთად დღეს გაეროს შენობასთანაც გამოჩნდა. "კურიერი" შეეცადა დაესვა შეკითხვა ლავროვისთვის, თუ რა ინტერესი აქვს გაეროს შეხვედრებზე, თუმცა მას შეკითხვისთვის არ უპასუხია.

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის, შემზარავი სამხედრო დანაშაულის და სისასტიკის შემდეგ, ლავროვის გაეროში ჩამოსვლა ისედაც უმწვავესი კრიტიკის ფონზე გაიმართებოდა, თუმცა კიდევ უფრო გაამწვავა ეს კრიტიკა, პუტინის მორიგმა მუქარამ ბირთვული იარაღთან დაკავშირებით და რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ. მწვავე გამოსვლა ჰქონდა გენერალურ ასამბლეაზე ბრიტანეთის პრემიერსაც.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ტარდება, სერგეი ლავროვს უშუალოდ მოუწევს მოისმინოს უმწვავესი კრიტიკა ენტონი ბლინკენისგან, ჯეიმს ქლევერლისგან და უკრაინის სხვა მოკავშირეებისგან, იმ არაპროვოცირებული და სასტიკი ომის გამო, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ მართავს.

უშიშროების საბჭოს სხდომა ნიუ-იორკის დროით დილის 10 საათზე უნდა დაიწყოს.

დღის ამბები