07 ოქტომბერი 2022,   09:57
ვრცლად
ოპოზიციის დოკუმენტი - ხელისუფლების ოპონენტების "ბაზისური პაკეტი" მმართველი გუნდისთვის მესამე სექტორის დოკუმენტის ანალოგი აღმოჩნდა

"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის მიერ წარდგენილ დოკუმენტს გაეცნენ და როგორც თავად ამბობენ აღმოაჩინეს, რომ გუშინ წარდგენილი "ბაზისური პაკეტი" იმ დოკუმენტის ანალოგია, რომელიც არასამთავრობო სექტორის ნაწილმა ჯერ კიდევ ივლისში გამოაქვეყნა.

სახელისუფლებო გუნდს მიაჩნია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაწილში ზედაპირული დამოკიდებულება პროცესის ხელის შეშლის მცდელობაა.

ოპოზიციის ნაწილის ხედვები არასამთავრობო სექტორის პოზიციებს რომ ემთხვევა, ამაზე დოკუმენტის ხელმომწერ პარტიებშიც საუბრობენ, თუმცა ეს არ არის სახელისუფლებო გუნდისთვის კრიტიკის მიზეზი. მმართველ პარტიაში ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ოპოზიციამ მესამე სექტორის დოკუმენტი საკუთარი მუშაობის შედეგად წარმოაჩინა. ამ თემაზე აქცენტი გუშინ "ღამის კურიერშიც" გაკეთდა.

ოპოზიციის ნაწილი მათ მიერ წარდგენილ გეგმაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. ამბობენ, რომ თუ ხელისუფლებას მათი ხედვა არ მოსწონს, მზად არიან უკეთეს ვერსიას მმართველი პარტიისგან დაელოდონ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად რამდენიმე კანონპროექტი უკვე ინიცირებული აქვთ. განმარტავენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციის დღის წესრიგს და პოლიტიკურ პარტიებს სამუშაო ფორმატში ელოდება.

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ვადა წლის ბოლომდე აქვს.

დღის ამბები