07 ოქტომბერი 2022,   10:31
ვრცლად
დროებით გამქრალი "ადამის კბილი" ნაპოვნია და მუზეუმში უსაფრთხოდ ინახება

დროებით გამქრალი "ადამის კბილი" ნაპოვნია და მუზეუმში უსაფრთხოდ ინახება. საუბარია ზეზვასა და მზიას ოროზმანელი "ბიძაშვილის" კბილზე, რომელიც მილიონ 800 ათასი წლითაა დათარიღებული და არქეოლოგებმა რამდენიმე კვირის წინ დმანისი მუნიციპალიტეტში აღმოაჩინეს.

ჰომო ერექტუსის კბილის დაკარგვა ეროვნული მუზეუმიდან მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ოროზმანში ნაპოვნი არტეფაქტების აღწერა მოხდა. მალევე გაირკვა, რომ უმნიშვნელოვანესი არტეფაქტი არქეოლოგ ნიკა ვანიშვილს სახლში საველე ჩანთით ჰქონდა წაღებული. კბილი გენერალურმა ინსპექციამ სწორედ მის სახლში აღმოაჩინა.

ნიკა ვანიშვილი მომხდარს გაუგებრობით ხსნის და ამბობს, რომ მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა მისი ტანსაცმლის კარადაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ იმ მომენტისთვის მისი დაცვა მუზეუმში ვერ მოხდებოდა. არქეოლოგი არტეფაქტის უკანონო მითვისებას კატეგორიულად გამორიცხავს.

ჰომო ერექტუსის კბილი, რომლის მფლობელსაც სპეციალისტებმა ადამი უწოდეს, მეცნიერებისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ უძველესი ადამიანის გავრცელების არეალი გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ამას ზეზვასა და მზიას პოვნის შემდეგ ფიქრობდნენ. კბილი დაბინავებულია და ახლა მასზე მეცნიერები მუშაობენ.

დღის ამბები