27 ნოემბერი 2022,   13:49
ვრცლად
აქცია თუ არა პირად სალაროდ წალენჯიხის ბიუჯეტი ქალაქის მერმა - მერის გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" ფრაქციის კრიტიკა უკვე მოჰყვა

საქართველოში ერთადერთ ოპოზიციონერ მერს მმართველი გუნდი საკუთარი თავისთვის და მოადგილეებისთვის ხელფასის გაზრდაში ადანაშაულებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, მერიის ყველა თანამშრომელს, თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებს ხელფასები უნდა გაეზარდოთ. სამუშაო დოკუმენტში მითითებულია, რომ სახელფასო პოლიტიკის გადახედვა სტრუქტურულ ოპტიმიზაციას უკავშირდება და მერიაში დასაქმებული პირების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას ისახავს მიზნად. დოკუმენტი, რომლითაც ანაზღაურება უნდა გაეზარდოთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის წალენჯიხის მერს, უკვე გადაეგზავნა თვითმმართველ ორგანოს.

წალენჯიხის მერიის გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრების კრიტიკა უკვე მოჰყვა. ამბობენ, რომ თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა ბიუჯეტი პირად სალაროდ გადააქცია და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რის გამოც წლების წინ ოპონენტებს თავად აკრიტიკებდა.

მერიაში ოპონენტების პოლიტიკური ბრალდებების არ ესმით. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილე განმარტავს, რომ ცვლილებების აუცილებლობა სახელფასო პოლიტიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანამ განაპირობა. მერიის მაღალჩინოსანი მიღებულ გადაწყვეტილებას იმითაც ხნის, რომ სამსახურების უფროსების ხელფასების გათანაბრებას მათ სახელმწიფო აუდიტიც ავალდებულებდა.

იმ შემთხვევაში, თუკი საკრებულო დადგენილების პროექტს ამ ფორმით დაამტკიცებს, წალენჯიხის მერს ხელფასი 800 ლარით გაეზრდება და 3800 ექნება, სახელფასო ანაზღაურების ცვლილება შეეხება მის მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტის მერიის სხვა თანამშრომლებს.

დოკუმენტი მერიამ საკრებულოში უკვე გადააგზავნა და თავმჯდომარეს წერილითაც მიმართა. კორნელი სალია, რომელიც გახარია საქართველოსთვის პარტიას წარმოადგენს, ამბობს, რომ დოკუმენტი სამუშაო ვერსიაა და მასზე დეპუტატები უნდა შეთანხმდნენ.

ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატებისთვის მერის არგუმენტები მიუღებელია და მას რამდენიმე თვის წინ საბავშვო ბაღებში ჩატარებული ოპტიმიზაციის პროცესიც გაუხსენეს.

დღის ამბები