27 ნოემბერი 2022,   12:07
ვრცლად
ვინ გახდება სახალხო დამცველი - კანდიდატობის მსურველებს პარლამენტში განცხადების წარსადგენად 5 დღე რჩებათ

სახალხო დამცველის კანდიდატობის მსურველებს, განაცხადების პარლამენტში გადასაგზავნად  5 დღე დარჩათ. აპლიკაციების მიღების პარალელურად, პირველმა კანონმდებელმა შემფასებელი კომისია უნდა დააკომპლექტოს. ამ ჯგუფის რეკომენდაციებს პოლიტიკური სუბიექტები გაეცნობიან. სწორედ მათი პრეროგატივაა საბოლოოდ კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენა. პროცედურებით განსაზღვრულია მინიმალური რაოდენობა, ომბუდსმენობის დასახელებული კანდიდატი 7-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო სექტორის გადაწყვეტილების მოლოდინშია. აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც მესამე სექტორი კანდიდატებს წარადგენს, არჩევანს ყველაზე ღირსეულ, მიუკერძოებელ და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელ პერსონაზე შეაჩერებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებას არ ელოდებიან და საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ "გირჩში". ჰერმან საბო დადებით პრეცედენტს უწოდებენ უმრავლესობის მხრიდან სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენაზე უარის თქმას და არ გამორიცხავს რომ პროცესები კონსენსუსით დასრულდეს.

რატომ არ ეყოლება "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი - ამას მმართველ გუნდში კონკრეტული მიზეზით ხსნიან. უმრავლესობაში ამბობენ, რომ პროცესები პოლიტიკური მდგენელისგან დაცლილია, დეპუტატებს კი მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ.

კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს მესამე სექტორიც. ისინი საკუთარ კანდიდატებს მომდევნო კვირას დაასახელებენ. ვიდრე კანონმდებლები საკითხს სესიაზე უყრიან კენჭს, მანამდე ომბუდსმენობის მსურველებს საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ. მოქმედ სახალხო დამცველს კი ვადა დეკემბრის დასაწყისში ეწურება.

დღის ამბები