08 დეკემბერი 2022,   09:59
ვრცლად
რა როლი აქვს დავით კეზერაშვილის ფინანსებს "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ განხეთქილებაში - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული შიდა დაპირისპირება მმართველი პარტიის წევრების ინფორმაციით, დავით კეზერაშვილის მიერ კონკრეტული პირების დაფინანსებას და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ფინანსების განაწილებას უკავშირდება. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილის დაპირისპირებით, ოპოზიციური პარტია ბანაკებად დაიყო. ქართული ოცნების წევრები იმ პოლიტიკოსებს ასახელებენ, რომლებიც ყოფილ მაღალჩინოსან მხარდაჭერას უცხადებენ და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს უპირისპირდებიან.

რასაც მმართველ პარტიაში შიდა პარტიულ განხეთქილებად აღიქვამენ, აზრთა სხვადასხვაობას უწოდებენ თავად "ნაციონალურ მოძრაობაში". ოპოზიციონერები დავით კეზერაშვილთან ფინანსურ ურთიერთობას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ პარტიაში ამ საკითხზე დაპირისპირება არ არსებობს.

"ნაცმოძრაობის" შიგნით არსებულ დაპირისპირებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ნაწილი კოლეგების პარტიული საქმიანობის განხილვას არ გეგმავს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ნიკა მელიას პარტიული თანამდებობიდან წასვლას ურჩევს.

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ვერანაირი ცვლილება "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ შეცვლის ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს. "ქართული ოცნების" წევრების აზრით, ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირება მხოლოდ ფინანსური ძალაუფლების მოპოვების და გავლენების გადანაწილების მცდელობაა. შიდა პარტიული განხეთქილება უმრავლესობისთვის იმის ნიშანია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური მომავალი არ აქვს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დავით კეზერაშვილს რამდენიმე დღის წინ ღიად დაუპირისპირდა. ნიკა მელიამ რამდენიმე სატელევიზიო ეთერში განმარტა, რომ კეზერაშვილის ფინანსური რესურსი და შესაბამისად გავლენების მოპოვების სურვილი პარტიისთვის დამაზიანებელია. ნიკა მელია საქართველოში ძებნილ, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან თანამშრომლობას არ აპირებს, რის გამოც ის თანაპარტიელების მხრიდან უკვე რამდენიმე დღეა თავდასხმების და კრიტიკის ობიექტია.

დღის ამბები