09 თებერვალი 2023,   14:10
ვრცლად
შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დამატებითი დახმარება უკრაინას - 457 მილიონი დოლარი სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმი უკრაინის ტერიტორიაზე სიყალბეა და მიტაცებული ტერიტორიები უკრაინის განუყოფელი ნაწილებია. 

შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დამატებითი დახმარება გამოყო. 457 მილიონი დოლარი მოხმარდება სამოქალაქო უსაფრთხოებას, რათა სამართალდამცველმა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უწყებებმა ხალხის გადასარჩენად და დასაცავად პოტენციალი გააძლიერონ. გასული წლის დეკემბრიდან დღემდე, ამერიკულმა დახმარებამ, ამ სტრუქტურებისთვის 645 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

"გასულ კვირას, პრეზიდენტმა პუტინმა ყველაზე მეტად შეუწყო ხელი რუსეთის კიდევ უფრო იზოლირებას და საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილების გაძლიერებას, უკრაინის გვერდით იდგნენ. ბირთვული იარაღით მუქარა, ფიქციური რეფერენდუმები, ნაწილობრივი მობილიზაცია და რუსების ფართომასშტაბიანი, ხშირად ძალადობრივი დარბევები - პრეზიდენტ პუტინის ეს ქმედებები მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ მან იცის, რომ აგებს. ცდილობს დააშინოს ის, ვინც წინ აღუდგება. ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ამას არ შევუშინდებით," - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი. 

დეპარტამენტში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები, რომლებსაც კრემლი უკრაინის სუვერენულ რეგიონებში - ხერსონშიზაპოროჟიაშილუჰანსკსა და დონეცკში ატარებს, აბსოლუტური სიყალბეა და შეერთებული შტატები, უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებს, მხოლოდ უკრაინის განუყოფელ ნაწილად აღიარებს. ამერიკელი კანონმდებლები თვლიან, რომ პუტინისთვის ძალიან რთული პერიოდი დგება, რადგან რუსეთის სამხედრო ძალებში დიდი მსხვერპლის გამო, ის ავტორიტეტს კარგავს.

"პუტინს სანდოობის სერიოზული პრობლემა აქვს იმ ხალხთან, რომელსაც მეტი სიცოცხლის გაწირვას სთხოვს. მათი მსხვერპლი დაახლოებით 80-დან 100.000-მდეა. ვფიქრობ, მას ძალიან მძიმე დრო დაუდგება," - ამბობს სენატორი ჩრდილოეთ კაროლინადან თომ თილისი.

დღეს ევროპელმა პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ შეახსენეს შეერთებულ შტატებს ვალდებულება, რომელიც NATO-მ 2008 წელს ბუქარესტში აიღო, უკრაინის და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ლიეტუვის სეიმის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა, ატლანტიკურ საბჭოსთან ონლაინ კონფერენციის დროს მოუწოდა ამერიკელ კოლეგებს, ბუქარესტში დაშვებული შეცდომები ერთად გამოასწორონ 2023 წლის სამიტზე, რომელიც ვილნიუსში გაიმართება.

"ჩვენ არასოდეს ვილაპარაკებთ მკვლელებთან, რომლებიც ჩვენს ძმებს და დებს ყოველდღე ხოცავენ. კიდევ რამდენი მასობრივი სამარხი უნდა ნახოთ? მკვლელთან საუკეთესო დიალოგი "ნიურნბერგი 2-ია". ახლა გარკვეული ანშლუსი მიმდინარეობს და კიდევ დიალოგზე ვლაპარაკობთ. ეს ზამთარი ისტორიული იქნება. მე მაქვს შეგრძნება, რომ პუტინი ბევრად ადრე დამარცხდება, ვიდრე ველოდებით. ვილნიუსის NATO-ს სამიტი გვიახლოვდება. მოდით, ერთად გამოვასწოროთ ბუქარესტის შეცდომები. თუ მეგობრები ხართ, თავისუფლებას და დემოკრატიას უწყობთ ხელს და არ გაავლებთ რუსეთისთვის წითელ ხაზებს იმ დიდებულ ორგანიზაციებში, რომლებმაც თავისუფლება და დემოკრატია უნდა დაიცვან, ყველაფერი ლაყბობა იქნება," - აცხადებს ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი.

უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით, ამერიკის კონგრესში კვირის ბოლოს შეხვედრა იგეგმება. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, განახლებული ინფორმაციის მისაღებად, ადმინისტრაციის წევრებს დახურულ კარს მიღმა უნდა შეხვდეს. მომხსენებლები პოლიტიკურ, სამხედრო და დაზვერვის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილეები იქნებიან.

დღის ამბები