08 დეკემბერი 2022,   09:39
ვრცლად
რადიკალური ოპოზიციის განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხე ჯერ კიდევ გადავლილი არაა - მოძრაობა "ხალხის ძალა"

მოძრაობა "ხალხი ძალა" განცხადებას ავრცელებს. საქართველოს პარლამენტის წევრები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი "სტრატეგი აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას პასუხობენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიციის განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხე ჯერ კიდევ გადავლილი არაა და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.

"გუშინ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ საინტერესო განცხადება გააკეთა - "ჩემი ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მხარეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზაო". მისი თქმით, ეს დახმარება, მათ შორის უკრაინელ მფრინავებთან ერთად ქართველი მფრინავების გადამზადებასაც ითვალისწინებდა.

საინტერესოა ისიც, რომ ვაშაძემ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების მთავარ მექანიზმად ე.წ. „ლენდლიზი“ დაასახელა. უკრაინის მაგალითზე, კარგად ვიცით, რომ „ლენდლიზის“ დამტკიცებასა და ამოქმედებას რამდენიმე თვე სჭირდება, რაც ნიშნავს რომ „ლენდლიზის“ ინიცირების პირობებში, რუსეთს საკმარისი დრო ექნებოდა, რათა საქართველოს სრული ოკუპაცია ამერიკიდან დაანონსებული იარაღის შემოსვლამდე განეხორციელებინა, მანამდე კი, ქართველ სამხედროებს რუსეთის არმიასთან უთანასწორო დაპირისპირება ამჟამად არსებული რესურსით მოუწევდათ.

ვაშაძის განცხადება ფართოდ აიტაცეს გიგა ბოკერიამ, შოთა უტიაშვილმა, ბაჩო დოლიძემ და ნაცმოძრაობის კუთვნილმა ტელევიზიებმა. მათ სხვადასხვა ფორმით, პრაქტიკულად, დაადასტურეს ვაშაძის ინფორმაცია და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის შეიარაღების არგადაცემისა და ამერიკიდან შეიარაღების არმიღების გამო საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს.

ბავშვისთვისაც კი ცხადია, თუ რა შედეგს გამოიღებდა საქართველოს ხელისუფლების მიერ როგორც უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა, ისე ამერიკიდან შეიარაღების მობილიზება. ამით ძალიან მარტივად შეიქმნებოდა საბაბი რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და მეორე ფრონტისთვის, რის გარშემოც რადიკალურ ოპოზიციას თებერვალ-მარტში ღია კამპანია ჰქონდა გაშლილი.

აქ მთავარი ის არ არის, მართალია თუ არა ვაშაძის, ბოკერიას, უტიაშვილის, დოლიძისა და სხვების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ამ ადამიანებს ტყუილი ბევრჯერ უკადრიათ და დარწმუნებული ვართ, ამ კუთხით, თავს არც ამ შემთხვევაში დაზოგავდნენ. აქ მთავარი ისაა, რომ ეს ადამიანები დავალების გარეშე არცერთ განცხადებას არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კამპანიის ინიციატორი ის გიორგი ვაშაძეა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამდე ცოტა ხნით ადრე, „უფლება მისცეს“, ვაშინგტონიდან ამერიკის სახელით საქართველოს ხელისუფლებას გადატრიალებითა და რიგგარეშე არჩევნებით დამუქრებოდა. ჩვენ რამდენჯერმე ვთხოვეთ ამერიკის ელჩს, ვაშაძის ამ განცხადებას გამიჯვნოდა, თუმცა, ყოველ ჯერზე პასუხად დუმილი მივიღეთ.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, თუ რაში დასჭირდა საელჩოს ამ ადამიანებისთვის ეთქმევინებინა, რომ ამერიკა ჩვენს ქვეყანას დამანგრეველი მეორე ფრონტისთვის ამზადებდა.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საელჩო ყველანაირად ცდილობდა, საქართველოს ხელისუფლება ომზე დაეყოლიებინა, რაზეც ღიად ზრუნვა მათ ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს. თუმცა, როდესაც ხელისუფლებისგან ეს შედეგი ვერ მიიღეს, საზოგადოების რეაქცია მოსინჯეს. საელჩომ ომის დაწყებისთანავე, განსაკუთრებით თებერვალ-მარტში, გიგაურის, ლომჯარიას, მარგველაშვილის, ილვესის, პოდოლიაკის, დანილოვის და სხვათა პირით არაერთხელ სცადა, ქართულ საზოგადოებაში მეორე ფრონტის იდეა მოემწიფებინა. თუმცა, როგორც კი დაინახეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ რუსეთთან ომს მშვიდობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არჩია, კამპანია მაშინვე შეწყვიტეს და პირიქით, საყოველთაო თავის მართლებაზე გადავიდნენ, არც ჩვენ და არც ჩვენს ქართველ თანამშრომლებს მეორე ფრონტი არ გვინდაო.

თუმცა, ახლა, იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ ფრონტზე წარმატებებს მიაღწია, როგორც ჩანს, საელჩომ ქართული საზოგადოების განწყობის ხელახლა გატესტვა გადაწყვიტა. თუ საელჩო დაინახავს, რომ საზოგადოების უარყოფითი რეაქცია საკმარისად მძაფრი არაა, მეორე ფრონტის კამპანიას ხელახლა აქტიურად წამოიწყებს და ამ კამპანიაში შეიძლება თავადაც კი ღიად ჩაერთოს. საელჩოს სურვილი, საქართველოში მეორე ფრონტი გაჩაღდეს, აშკარად იმდენად ძლიერია, რომ მათ კარტების ხელახლა გახსნა დაიწყეს და ამ თემაზე მათი გამორჩეული ფავორიტები აალაპარაკეს.

რადიკალური ოპოზიციის ეს განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხე ჯერ კიდევ გადავლილი არაა და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, რათა შეცდომა არ დაუშვან და ეს საფრთხე საბოლოოდ ავიცილოთ თავიდან.

დასასრულს, ამ შემთხვევაშიც მოვუწოდებთ ამერიკის ელჩს, გამოვიდეს და საჯაროდ უარყოს რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკა საქართველოს მეორე ფრონტისთვის ამზადებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას ექნება სრული უფლება იფიქროს, რომ ეს განცხადებები სინამდვილეს შეესაბამება და საელჩოს თავის მართლება იმის თაობაზე, რომ მას საქართველოში ომი არ უნდა, ფარსი და ქართველი ხალხისთვის თვალის ახვევის მცდელობაა," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები