04 დეკემბერი 2022,   01:51
ვრცლად
ხანგრძლივი დუმილი დავით კეზერაშვილმა ფეისბუქსტატუსით დაარღვია - ქართული პოლიტიკური სპექტრის რეაქცია

მას შემდეგ, რაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ "მოოლიგარქო ელემენტად" მოიხსენია დავით კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში, პირველი, ვრცელი განცხადება დღეს გაავრცელა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი წერს, რომ ოპოზიციურ ფლანგს, მედიას და არასამთავრობოებს ხელისუფლების შეცვლის მიზნით ეხმარება, თუმცა ამტკიცებს რომ პოლიტიკური ინტერესები არ აქვს. საქართველოში ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი ოპოზიციას გაერთიანებისა და შიდა კინკლაობის დასრულებას ურჩევს.

აღიარება - ასე აფასებს "ქართული ოცნება" კეზერაშვილის ვრცელ წერილს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამ პოსტით საკუთარი ოლიგარქიული მისწრაფებები დაადასტურა. მათი თქმით ნათელია, რომ ოპოზიცია არაკანონიერი გზით ნაშოვნი თანხებით ფინანსდება. რის გამოც, ევროკავშირის მიერ რეკომენდებულ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბარს, დემონსტრაციულად თავს არიდებს.

ვინ ამბობს სიმართლეს, კეზერაშვილი თუ მელია ? - ამ კითხვაზე დღეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალაში პასუხის გაცემა არ ისურვეს. "ნაცმოძრაობის" წევრები, თავმჯდომარისგან განსხვავებით, კეზერაშვილის კრიტიკისგან თავს იკავებენ, ამბობენ, რომ ახლა დღისწესრიგში სხვა, უფრო მნიშვნელოვანი თემები დგას.

დავით კეზერაშვილის მიმართვას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ნაწილი ყოფილ მინისტრს და მის პარტნიორებს ურთიერთობების დაფარვისკენ მოუწოდებს. მეორე ნაწილი კი მის სურვილით განხორციელებულ პოლიტიკურ გადაჯგუფებებს ახსენებს. აგრეთვე, ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტში ცვლილებების მოთხოვნას და სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიის ნაცვლად ანტიკორუფციული მოძრაობის დაფინანსებას. კეზერაშვილს მეტი საჯაროობისკენ დღეს ყოფილმა თანაგუნდელებმაც მოუწოდეს.

დღის ბოლოს ოპონენტებს საპარლამენტო უმრავლესობიდან გამოეხმაურნენ. კანონმდებლები დაუდგენელი წარმომავლობის ფინანსებით პოლიტიკური საქმიანობის კეთებას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ. ოპონენტებს კი ურჩევენ, რომ დაფინანსების წყაროები კეთილსინდისიერი გზით მოძებნონ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ოპოზიციური სპექტრის სამომავლო მხარდაჭერასაც აანონსებს ამჟამად საქართველოში ძებნილად ითვლება. დავით კეზერაშვილი საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროსთვის 5 მილიონ ევროზე მეტი ზიანის მიყენებისთვის დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება საწვრთნელ პროექტში გაფლანგულ თანხებს.

დღის ამბები