02 დეკემბერი 2022,   01:12
ვრცლად
ომის 220-ე დღე უკრაინაში -  ომში მყოფი ქვეყნის სამხედროებმა ქალაქ ლიმანის შესასვლელთან უკრაინის დროშა აღმართეს

უკრაინელებმა ლიმანის შესასვლელთან უკრაინული დროშა აღმართეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, არმიის დანაყოფები ქალაქ ლიმანში შევიდნენ, მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა. მათივე ცნობით, უკრაინელ დამცველებს 5000-ზე მეტი რუსი სამხედრო ალყაში ჰყავთ მოქცეული. რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცით კი ოკუპანტები უკან იხევენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ლიმანის დატოვების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

უკრაინელთა წარმატების და წინსვლის მიუხედავად, ქვეყანაში პირველი ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. უკრაინელთა გლოვა, ზაპოროჟიეში რუსების მიერ განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება, სადაც 30 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ყველა დაღუპული სამოქალაქო პირია და მათ შორის არიან ბავშვებიც. 

სანამ ზაპოროჟიაში დაღუპულებს ითვლიდნენ, მოსკოვი 4 უკრაინული ტერიტორიის ანექსიას ზეიმობდა, მათ შორის ზაპოროჟიის, სადაც თავად მოაწყვეს სასიკვდილო თავდასხმა. უკრაინის პრეზიდენტმა ზაპოროჟიაში მოწყობილ სარაკეტო თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა.

ექსპერტების ვარაუდით, რუსეთი თავდასხმებს გააძლიერებს. ამით კი უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტებას შეეცდება. უკრაინაში ზაპოროჟიეზე თავდასხმას უკრაინელი დამცველების წარმატებას უკავშირებენ.

კუპიანსკიში რუსების მიერ განხორციელებულ იერიშებს 20 ადამიანი ემსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილებს შორის 10 ბავშვია. ოკუპანტებმა ამჯერადაც ვტომობილების კოლონა დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

როგორც ცნობილია, ოკუპანტები თავს დაესხნენ სამოქალაქო პირებს, რომლებიც დაბომბვისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. რუსულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს დონეცკის ოლქზეც, დაღუპულია 4 სამოქალაქო პირი. 6 დაშავდა. 3 ადამიანი ემსხვერპლა ოკუპანტების მიერ განხორციელებულ იერიშს დნიპროში, არიან დაშავებულებიც. 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა მიკოლაევში. დაშავებულთა შორის არის 3 თვის ბავშვიც.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 1182-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 399 მცირეწლოვანი, 783 კი დაშავებული.

 

ავტორი: თიკო ცერცვაძე 

 

 

 

 

 

დღის ამბები