08 დეკემბერი 2022,   09:40
ვრცლად
რა მიზეზით გადაიდო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი - ბრალდების და დაცვის მხარის ვერსიები

სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. მიზეზი უცვლელია, ექსპრეზიდენტი თავს ისევ შეუძლოდ გრძნობს, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილისთვის საკმარისი არგუმენტი იყო იმისთვის, რომ საზღვრის კვეთის საქმეზე განხილვა გადაედო. თუმცა განსხვავებული ვერსია აქვს პროკურატურას, ბრალდების მხარის მტკიცებით, პატიმარი სააკაშვილი ჩვენებას არ იძლევა და კითხვებს არ პასუხობს.

დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ ნინო ჩანხაშვილმა გადაწყვეტილება მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო, რადგან ბრალდებული სხდომის ჩატარებამდეც შეუძლოდ იყო. ადვოკატების მტკიცებით, სასამართლო პროცესის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მან და მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა, სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყვეს.

სასამართლო დარბაზის ნაცვლად, სისხლის სამართლის საქმის განხილვა კლინიკა "ვივამედის" პალატაში 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, მისი დასრულების შემდეგ კი, ყოფილ პრეზიდენტთან ამერიკელი დამოუკიდებელი ექსპერტი შევიდა. სააკაშვილის ოჯახი და მომხრეები ითხოვენ სხვა მედიკოსების შეშვებასაც, თუმცა ამ ეტაპზე ჯანდაცვის უწყება საჭირო საბუთების არ ქონის გამო ორ მათგანს, ექსპრეზიდენტის გამოკვლევის უფლებას არ აძლევს.

უცხოელი ექსპერტების საკითხთან დაკავშირებით, განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. რეგულირების სააგენტო განმარტავს, რომ ცენტრ "ემპათიას" მოთხოვნა, სპეციალისტისთვის საქართველოში, საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭებაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია. უფლება მიეცა მხოლოდ სამს, ორს კი ოფიციალური ინფორმაციით სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო უარი ეთქვა. უწყების განცხადებაში ასევე წერია, რომ მას შემდეგ, რაც შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინეს, საკითხი პროფესიული განვითარების პირველივე საბჭოზე განიხილება.

ამერიკელი ექსპერტების სამედიცინო დაწესებულებაში დაშვების მოთხოვნით,  ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელებმა აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უწყებასთან ბანერებით და საყვირებით მივიდნენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნას დღეს მმართველ გუნდში უპასუხეს. დავით სერგეენკოს თქმით, მიზეზი რის გამოც ამერიკელი ექსპერტის კლინიკაში შეშვება შეფერხდა, პროცედურულია და ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე სასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს დაინიშნა, მხარეებმა საზღვრის კვეთის ეპიზოდზე უდნა იმსჯელონ, ჯერჯერობით უცნობია, თუ სად ჩატარდება სხდომა და მისცემს თუ არა, ჩვენებას მიხეილ სააკაშვილი.

 

დღის ამბები