04 დეკემბერი 2022,   01:37
ვრცლად
2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 8.8 %-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში - მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და პანდემიის შედეგების ზემოქმედების პირობებში.

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 5.5%-ის ნაცვლად, 8.8%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში 2022 წელს წარმოებული პროდუქციის მოცულობა 5.6 პროცენტით გაიზრდება, რაც უსწრაფესია ევროპის და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის.

"წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 5.5%-ის ნაცვლად, 8.8 %-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. აღნიშნულს ხელი შეუწყო შიდა მოთხოვნის აღდგენამ და ფულადი გზავნილების წმინდა მაჩვენებლის ზრდამ.

2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენელდება სავარაუდოდ 4.2%-მდე, რაც ასახავს 2022 წელს მძლავრი აღდგენის სტიმულის შესუსტებას, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის შემცირებას და 2023 წელს რუსეთში წარმოებული პროდუქციის მოცულობის მოსალოდნელზე მკვეთრ ვარდნას.

2023 წელს მოსალოდნელია ფასების ზრდის ტენდენციის კლება, რადგან მოთხოვნა შემცირდება და გრძელვადიანი ფიქსირებული ფასის კონტრაქტები სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგომატარებლების ფასით გამოწვეული შოკების შერბილებას“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის პროგნოზები გამოწვევებითაა აღსავსე.

"2022 წელს ველოდებით რეგიონში წარმოებული პროდუქციის მოცულობის შემცირებას 0.2%-ის ოდენობით, ძირითადად რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწეული შედეგების გამო. ზოგადად, რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაბალ – დაახლოებით 0.3%-ის დონეზე შენარჩუნდება, მიმდინარე ინფლაციის მაღალი დონის, გლობალური საფინანსო ბაზრების გამკაცრების და რეგიონში არსებული გამოწვევებით სავსე ფისკალური მდგომარეობის პირობებში. ამ ფონზე ვხედავთ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვერეგიონში აღინიშნება საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა და 2022 წელს პროდუქციის მოცულობა 5.6%-ით გაიზრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით“, – აცხადებს მოლინეუსი.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თქმით, საქართველოს შემთხვევაში 8.8-%-იანი ეკონომიკური ზრდა მეტწილად განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნის და ფულადი გადარიცხვების მატებით, ისევე როგორც ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით.

"რაც შეეხება საქართველოს, ვხედავთ ეკონომიკური ზრდის 8.8-%-იან მაჩვენებელს, რომელიც ამ მომენტისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთლიანად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ეს მეტწილად განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნის და ფულადი გადარიცხვების მატებით, ისევე როგორც ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნონ სიფხიზლე. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება თუ ინფლაცია გაიზრდება. და რა თქმა უნდა, ჩვენ მთავრობას ვურჩევთ შეინარჩუნოს წინდახედული მიდგომა ფისკალური თვალსაზრისით და გამოიყენოს ნებისმიერი დამატებითი შემოსავალი, რათა შეამსუბუქოს გარკვეული ფისკალური ტვირთი. აღვნიშნავ, რომ მსოფლიო ბანკის ახალ ეკონომიკურ მიმოხილვაში აქცენტი გაკეთებულია სოციალური დაცვის ღონისძიებებზე, რომლებიც უმნიშვნელოვანესია კრიზისის დროს სიღარიბის დონის ზრდაზე რეაგირებისთვის. და აქ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ჩვენმა წევრმა ყველა ქვეყანამ განაახლოს სოციალური დაცვის სისტემები და უზრუნველყოს მიზნობრივი სოციალური დახმარების მექანიზმის არსებობა, რომელიც დახმარებას გაუწევს იმ ადამიანებს, რომლებსაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ არსებული კრიზისის პირობებში," – განაცხადა მოლინეუსმა.

დღის ამბები