04 დეკემბერი 2022,   02:09
ვრცლად
უკრაინა და ევროპა ბირთვული საფრთხის ქვეშ - ევროკომისიამ ზაპოროჟიეს სადგურის სიახლოვეს მყოფ მოქალაქეებს 5 მილიონი იოდიდის აბი გადასცა

გადაჰქონდა თუ არა რუსეთს ტაქტიკური ბირთვული იარაღი რკინიგზის საშუალებით - ინფორმაციას პენტაგონში არ ადასტურებენ, თუმცა კრემლის ნაბიჯებს შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში ყურადღებით აკვირდებიან. პენტაგონში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ვაშინგტონს საკუთარი ბირთვული ძალების განლაგების შეცვლის მიზეზი არ აქვს.

პენტაგონისგან განსხვავებით, ანალიტიკოსებს რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა რეალურად მიაჩნიათ, თუმცა როგორც გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, მასობრივი განადგურების იარაღის უპირატესობა, პუტინს ბრძოლის ველზე არ აქვს.

რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების პროგრამაში მონაწილეობის მიღებაზე, პოლონეთმა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა გაზეთ "პოლსკას" განუცხადა. როგორც ანჯეი დუდა აღნიშნავს, პოლონეთისთვის მთავარ პრობლემას ბირთვული იარაღის არქონა წარმოადგენს.

ევროკავშირი პრევენციულ ზომებს იღებს. ევროკომისიამ უკრაინას ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის 5 მილიონი იოდის აბი გადასცა.

ევროკავშირის გარდა, პრევენციულ ზომებს იღებენ გაეროშიც, სადაც მკაცრად მოითხოვეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ყველა საომარი მოქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. მღელვარება მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსულმა ძალებმა ზაპორიჟიეს ქარხნის ხელმძღვანელს ელექტროსადგურზე დაკვირვების საშუალება აღარ მისცეს. ელექტროსადგურის დასაცავად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების გამართვას ცდილობს.

რუსეთი, აშშ-ს კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს. მოსკოვში ფიქრობენ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ვაშინგტონის, როგორც კონფლიქტის მონაწილის სტატუსს ამყარებს. აშშ-ში რუსეთის ელჩის განცხადებით, ასეთი ნაბიჯები რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საშიშროებას ზრდის.

დღის ამბები