06 დეკემბერი 2022,   10:37
ვრცლად
პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი გაიხსნა - ამ წუთებში უნდა დაიწყოს პირველი პლენარული სესია, რომელსაც სიტყვით ჩეხეთის პრემიერი გახსნის

პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი გაიხსნა - ამ წუთებში უნდა დაიწყოს პირველი პლენარული სესია, რომელსაც სიტყვით ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი გახსნის. დღეს ჩეხეთის დედაქალაქი ევროკავშირის 27 ქვეყანას და პარტნიორი სახელმწიფოს 17 ლიდერს მასპინძლობს, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ შეხვედრას სხვა ქვეყნებთან ერთად, პრემიერის მეთაურობით საქართველოს დელეგაციაც ესწრება.

ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს პლენარულ სხდომაზეც და თემატურ პანელებზეც. იქნება ორმხრივი შეხვედრები. სამიტის დაწყებამდე ლიდერებმა უკვე გააკეთეს პირველი განცხადებები.

პლენარული სხდომით გაიხსნება პირველი შეხვედრა ამ ორგანიზაციის, რომლის ინიციატივაც საფრანგეთის პრეზიდენტს ეკუთვნის.

ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი იმპულსი და შესაძლებლობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მსოფლიოს და ევროპის კონტინენტის ლიდერებთან დაფიქსირდეს ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოს სურს, რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

"საუბარი იქნება იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს რეგიონშია და რეგიონის მიღმა; იმ გამოწვევებზე, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოების არქიტექტურას, ხოლო მეორე მხრივ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა, იმ ქვეყნების ინტეგრაცია, ვინც ასოცირებულია ევროპულ ოჯახთან და ამ მხრივ ჩვენთვის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პრიზმიდან და ჭრილიდან დანახული ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენი პოზიცია არის, რომ ნებისმიერი ახალი მექანიზმი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას გააძლიეროს და უფრო შედეგზე ორიენტირებული გახადოს ჩვენი ინტეგრაცია, ჩვენთვის მისასალმებელია და სწორედ ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოდგენილია ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში სხვა ლიდერებთან ერთად, რათა ერთობლივად იქნას განხილული იმ ქვეყნების მომავალი ევროპული ასპირაციები, რომლებიც დაკავშირებული ევროპულ ოჯახთან," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ისაუბრა იმაზე თუ რა მიზანი აქვს ამ ახალ ორგანიზაციას.

"ეს შეხვედრა ექსტრემალურად მნიშვნელოვნია, რადგან პირველად ტარდება და თან ვიკრიბებით საერთო გამოწვევების განსახილველად. ვისაუბრებთ თუ როგორ გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა იმისათვის, რომ მივაღწიოთ მეტ სტაბილურობას, მშვიდობას. ვისაუბრებთ მიგრაციასა და მობილობაზე. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ 44 ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც აქ ჩამოვიდა მზადაა თავდაუზოგავად იმუშაონ საერთო გამოწვევებზე," - განაცხადა შარლ მიშელმა.

პრაღაში დღეს 44 ქვეყნის ლიდერი იკრიბება. ევროპის კონტინენტიდან აქ არ არის მხოლოდ ორი ქვეყანა: რუსეთი და ბელარუსი, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

"აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ. თქვენ მხოლოდ ორ სახელმწიფოს ვერ ნახავთ, რუსეთს და ბელარუსს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იზოლირებულები არიან. განვიხილავთ ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოების გარემოს, ენერგო კრიზისს და ინფლაციას.

რაც შეეხება გაფართოებას, ის, რომ პარტნიორი სახელმწიფოები აქ არიან უკვე კარგი ნიშანია. ეს ქვეყნები მაშინ შევლენ გაერთიანებაში, როდესაც გაიზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, როგორიცაა ლიბერალური დემოკრატია, ადამიანის უფლებები," - აცხადებს ბელგიის პრემიერი ალექსადნდრ დეკრუ.

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირი განსახილველი საკითხების სიაში ევროპის მომავალიც იქნება.

"ჩვენ ევროპელები ერთიანები და სოლიდარულები ვართ პუტინის წინააღმდეგ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე. აქ არამხოლოდ ევროკავშირის, არამედ პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერებიც არიან წარმოდგენილი. განსახილველი საკითხების სია დი მათ შორის საუბარი, იქნება ევროპის მომავალზეც," - განაცხადა მან.

დღის ამბები