02 დეკემბერი 2022,   01:06
ვრცლად
არაფორმალურ გარემოში შედგა სამუშაო შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და შარლ მიშელს შორის, აქცენტები გაკეთდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე - ილია დარჩიაშვილი

დღის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერის პრაღაში ვიზიტი შეაფასა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვლმა არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტთან. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ასევე დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრი არაფორმალურ გარემოში ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსაც შეხვდა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განმარტა, ძირითადი საკითხები რეგიონის უსაფრთხოებას, რეფორმების განხორციელებას და 12 პუნქტიან გეგმას შეეხო. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო ევროკავშირში მაქსიმალურად სწრაფად გაწევრიანდეს.

"ევროკომისიის პრეზიდენტთან, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო რეგიონული უსაფრთხოება და გამოწვევები, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტთან იმ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დინამიკაზე.

მინდა, დაგიდასტუროთ, რომ არაფორმალურ გარემოში შედგა სამუშაო შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის. ეს იყო ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი შეხვედრა. აქაც აქცენტები გაკეთდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე, რეფორმების განხორციელების დინამიკაზე და 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე," - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დღის ამბები