01 დეკემბერი 2022,   23:13
ვრცლად
ამზადებს თუ არა ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე დასკვნას - "კურიერმა" ინფორმაცია ევროპის საბჭოში გადაამოწმა

ამზადებს თუ არა ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე დასკვნას - "კურიერმა" ინფორმაცია ევროპის საბჭოში გადაამოწმა. "კურიერმა" ორგანიზაციიდან ოფიციალური წერილობით პასუხი მიიღო, ევროსაბჭომ დასკვნაზე მუშაობა დაადასტურა. პასუხს ევროპის საბჭომ კომისიის ვებ-გვერდის მისამართიც დაურთო, სადაც ამ დრომდე მითითებულია, რომ დასკვნაზე მუშაობა მიმდინარეობს.

კითხვაზე პასუხს ელოდებიან საკანონმდებლო ორგანოშიც. შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას წერილობით კელი დეგნანის განცხადების შემდეგ მიმართა. ამერიკელი დიპლომატის ინფორმაციით უკრაინამ ვენეციის კომისიას დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნის მომზადებაზე უარი უთხრა. პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ელჩის განცხადება, გადაუმოწმებელი ინფორმაციის შედეგი იყოს.

ოპოზიციის ერთი ჯგუფისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ისაუბრა დიპლომატმა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვენეციის კომისია უკრაინულ კანონთან დაკავშირებით. ისინი მმართველ გუნდს მოუწოდებენ ვენეციის კომისიას კანონპროექტის ქართული ანალოგი გადაუგზავნონ. ოპოზიციის მეორე ნაწილში კი თვლიან, რომ კანონის მიღება გამოსავალი არ არის.

კელი დეგნანის და ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს შორის განსხვავებამ სახელისუფლებო გუნდში ბევრი კითხვა გააჩინა. მმართველი პარტია ახლა დეტალებს არკვევს.

"ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ორი მოსმენით მხარი გასულ კვირას დაუჭირა. უკრაინული მოდელის ანალოგი კანონპროექტის კანონად ქცევას მესამე მოსმენით კენჭისყრა სჭირდება. სახელისუფლებო გუნდი კანონის მიღებას ახალ წლამდე გეგმავს.

დღის ამბები