



ტურისტები, რომლებმაც რაჭაში წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვი ნაწამებ მდგომარეობაში იპოვნეს, "კურიერის" ინფორმაციით, ონის პოლიციაში გამოკითხეს.
სოფელ უწერაში, წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვი მოკლეს და თათები დააჭრეს. ცხოველის ლეში, ნაწამებ მდგომარეობაში, ლაშქრობაში წასულმა ტურისტებმა ნახეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით ჩანს, რომ დათვის ბელს კისერზე ბაგირი აქვს შემოხვეული და დაბმულია. მოლაშქრეები წერენ, რომ სავარაუდოდ დათვის ბელი ჯერ ხაფანგში გაება, შემდეგ კი წამებით მოკლეს.
წითელი ნუსხის სახეობის მოკვლა აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ჯარიმა გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის კი 50 ათასი ლარია.