01 თებერვალი 2023,   10:03
ვრცლად
ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქში ოკუპანტები თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, ბაზარს, ბენზინგასამართ სადგურს, ავტოსადგურსა და საცხოვრებელ კორპუსს

ბახმუტის მიმართულება უკრაინაში ამ დრომდე ყველაზე ცხელ წერტილად რჩება -
ყოველდღიური ვიდეო მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აქ ყოველი მეტრი მნიშვნელოვანია.

"რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქში კურახოვზე ძალზე სასტიკი, აბსოლუტურად მიზანმიმართული დარტყმა განახორციელა. კერძოდ, თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას, ბაზარს, ბენზინგასამართ სადგურს, ავტოსადგურსა და საცხოვრებელ კორპუსს. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა ათია. ბევრია დაჭრილი. ვუსამძიმრებ ნათესავებსა და მეგობრებს... მარადიული ხსოვნა რუსული ტერორის ყველა მსხვერპლს! დონეცკის რეგიონში და ბახმუტის მიმართულებით ძალიან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ყველაზე ცხელი წერტილიც სწორედ აქ არის. ყოველი მეტრი მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს, ვინც მტერს სწორედ იქ ანადგურებს - ყოველდღე, ყოველ ღამე, ყოველ საათში.

ენერგეტიკის სექტორი არის მუდმივი პუნქტი ჩვენს დღის წესრიგში - როგორც შტაბის, ისე მთავრობის დონეზე. მე გავმართე შეხვედრა ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციისა და ჩვენი ელექტროსადგურების დაცვაზე. ჩვენ მუდმივად ვზრდით ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების დონეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა შეუძლებელია ენერგოსისტემის 100%-ით აღდგენა, როგორც ეს იყო რუსული ენერგოტერორის დაწყებამდე. დრო გვჭირდება. ელექტროენერგიის გრაფიკით გამორთვა ხდება. ყველაზე მეტი გამორთვა დაფიქსირდა კიევში, ასევე ლვოვის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, პოლტავას, ვინიცის რეგიონებსა და ზაკარპატიაში," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, 2014 წლის მოვლენების შემდეგ ყირიმში აქტივების დაკარგვის გამო, რუსეთს 1,1 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ოშადბანკის სასარგებლოდ.

დღის ამბები