08 თებერვალი 2023,   02:13
ვრცლად
ტერორისტის დაკავება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - რა გეგმებით ბრუნდებოდა ცისკარა ტოხოსაშვილი საქართველოში და რა კავშირი აქვს მას ჩატაევთან

ეიმირი ისა, იგივე ცისკარა ტოხოსაშვილი კონტრტერორისტულმა ცენტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. სპეცდანიშნულების რაზმმა მას ხელბორკილები თვითმფრინავის ბორტზე დაადო. რა მიზნით დაბრუნდა ქვეყანაში ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა - ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს არ დაუკონკრეტებიათ, საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

2020 წლიდან ტერორიზმის ბრალდებით სასჯელს იხდის ცისკარა ტოხოსაშვილის ძმაც, რომელიც უკრაინაში დააკავეს და საქართველოს გადმოსცეს. მას ცეზარ ალბარა შიშანის სახელით იცნობენ. "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ძმები ტოხოსაშვილების ფოტოები, რომელიც სავარაუდოდ სირიაშია გადაღებული და სადაც კარგად ჩანს ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკაც. წყარო პანკისის ხეობიდან გვიყვება, რომ საერთაშორისო კოალიციის ძალებთან შეტაკებისას ცისკარა ტოხოსაშვილი მძიმედ იყო დაჭრილი. ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ტერორისტული თავდასხმისას დაიჭრა მისი ძმა, ცეზერ ტოხოსაშვილიც. ხეობაში ამ ფაქტებს პირად საუბარში ადასტურებენ, თუმცა ღიად საუბარს ყველა ერიდება.

"კურიერი" დღეს სოფელ ომალოში ცისკარა ტოხოსაშვილის საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა. ოჯახი ადასტურებს, რომ ის წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს, თუმცა უარყოფენ მის კავშირს ტერორისტულ საქმიანობასთან.

"კურიერის" ინფორმაციით, ძმებ ტოხოსაშვილებს ახლო კავშირი ჰქონდათ ისლამური სახელმწიფოს საველე მეთაურთან, ახმედ ჩატაევთან. ისინი ტერორისტული ორგანიზაციას 2015 წელს შეუერთდნენ.

თავად ახმედ ჩატაევმა 2017 წელს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა. მაშინ ჩატაევი ქვეყანაში მალულად, თურქეთიდან შემოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაჯგუფება საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე თავდასხმების სერიას გეგმავდა. ახმედ ჩატაევის სახელს უკავშირდება 2016 წლის 8 ივნისს ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტიც. აფეთქებას 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისში დაკავებულ ცისკარა ტოხოსაშვილს ბრალს 328-ე მუხლით წარუდგენენ, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები