08 თებერვალი 2023,   02:07
ვრცლად
აგრესორი ტერორის მასშტაბებს დღითიდღე ზრდის - როგორია ვითარება უკრაინაში ომის 288-ე დღეს

აგრესორი ტერორის მასშტაბებს დღითიდღე ზრდის. დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს ბაზრის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი 10-მდე გაიზარდა. დაშავებულია 20-ზე მეტი მშვიდობიანი. ოკუპანტმა დაბომბა ბენზინგასამართი სადგური, ავტოსადგური და საცხოვრებელი კორპუსები.

აკრძალული ფოსფორის ჭურვები გამოიყენეს რუსმა ჯარისკაცებმა ავდეევკაში. იერიში მიიტანეს, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ცნობები დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კიევის ცნობით, საოკუპაციო ძალამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 7 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელა. მინიმუმ 40-ჯერ გამოიყენეს მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები.

ლუგანსკის და დონეცკის ოლქის 15 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს ღამის განმავლობაში შეტევა უკრაინელმა სამხედროებმა. თავდაცვის უწყების ცნობით, ოპერაციის შედეგად განადგურებულია მტრის ცოცხალი ძალა და ტექნიკა. აყვანილია რამდენიმე ათეული ტყვე.

ოკუპანტების მიმართ უკრაინის გენერალური პროკურატურის ბრალდებებს გაერო აღიარებს. ორგანზიაციამ ბუჩაში, იზიუმსა და ირპენში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვასა და წამებასთან დაკავშირებით ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტურად დადასტურებულია 441 ადამიანის, მათ შორის ქალების და ბავშვების ძალადობრივი სიკვდილის ფაქტი. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რეალური მაჩვენებლები, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალი იქნება, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა დამატებით 198 მკვლელობის დასადასტურებლად.

დღის ამბები