22 მარტი 2023,   19:36
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ აპლიკანტების განცხადებები განიხილა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი განცხადებების განსახილველად შეიკრიბა. მესამე სხდომა ადმინისტრაციის უფროსის, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ ჯაველიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს აპლიკანტების დოკუმენტაციის შესაბამისობა კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება მომდევნო კვირას ჩაინიშნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი  ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებითა და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საკონკურსო კომისიის 2023 წლის 10 იანვრის დებულების შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. განცხადებების/თანდართული დოკუმენტების მიღების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

დღის ამბები