22 მარტი 2023,   20:59
ვრცლად
ნულოვანი პარტია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, რეალობის არაადეკვატური აღქმა - ხელისუფლების წარმომადგენლები ენმ-ში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ​

ნულოვანი პარტია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, რეალობის არა ადეკვატური აღქმა - ასე აფასებენ ხელისუფლების წარმომადგენლები "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს და ახალი თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებებს.

უმრავლესობის განმარტებით, პარტიაში დღეს არსებული სიტუაცია იმ აბსურდული პოლიტიკის შედეგია, რის გამო შიდაპარტიული დაპირისპირება დაიწყო.

"ეს არის შედეგი სწორედ იმ აბსურდული პოლიტიკისა, რის გამოც დაიწყეს შიგნით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ერთმანეთთან დაპირისპირება და ახლა ეს დაპირისპირება უკვე ხაბეიშვილის პირით, ესეთი პოლიტიკური გზავნილებით ცხადდება, რომელსაც არანაირი რეალური შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე  ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ენმ-ს თვითგანადგურების რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ დაჯგუფებას უწოდებს. 

"ეს, რეალურად, თვითლიკვიდაციის და თვითგანადგურების რეჟიმში მყოფი პოლიტიკური დაჯგუფებაა," - ამბობს დავით მათიკაშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით კი "ნაცმოძრაობას" აღარ აქვს ისეთი გავლენა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინონ:

"არასწორად აყალიბებენ საკუთარ პირობებს, დამოკიდებულებებს, განცხადებებს. აღარ აქვს დღეს ის გავლენა და მასშტაბი ამ პოლიტიკურ ჯგუფს, რომ ამბიცია ჰქონდეს მათზე გავლენის მქონე ფაქტორების გამო, ქვეყნისთვის ტექტონიკური ძვრების მოხდენაზე," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ გუშინ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების თხოვნით მიმართა, სანაცვლოდ კი განაცხადა, რომ მისი პარტიის წარმომადგენლები, როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოებში, მანდატებს დატოვებენ. უფრო მეტიც - ისინი მზად არიან დათმონ პარტიის ცენტრალური ოფისიც.

დღის ამბები