22 მარტი 2023,   10:30
ვრცლად
5000-ზე მეტი დაღუპული და სრულად დანგრეული 6000-მდე შენობა - თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან

5 000-ზე მეტი დაღუპული და სრულად დანგრეული 6 000-მდე შენობა - თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. სამძებრო სამუშაოებში 25 ათასზე მეტი მაშველია ჩართული. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებში 2 000-ზე მეტი ადამიანია მოყოლილი. სტიქიის ეპიცენტრში სამაშველო სამუშაოებს ცუდი ამინდი აფერხებს.

სტიქიის ეპიცენტრში გადატვირთულია კლინიკები, მუშაობა უჭირს ინტერნეტსა და კავშირგაბმულობას. ქვეყანა დახმარებას ითხოვს. მსოფლიო თურქეთის დახმარებას ცდილობს. რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მიუსამძიმრა ამერიკელმა კოლეგამ. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით კი, შტატები თურქეთსა და სირიას საჭიროებისამებრ დაეხმარება. მიწისძვრის შედეგად გარდავლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმაც, დაშავებულებისთვის კი 10 მილიონის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გამოყო. თურქეთს დაეხმარება ახალი ზელანდიაც.

სანამ მსოფლიო თურქეთში დახმარებას გაგზავნის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მეზობელ სახელმწიფოს უკვე ეხმარება. ჩვენი ქვეყნიდან მაშველები გუშინვე გაემგზავრნენ და სტიქიის ეპიცენტრში უკვე ჩავიდნენ.

თურქეთის საელჩო საქართველოს მთავრობის მეთაურსა და ქართველებს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

საქართველოს მთავრობასა და საელჩოს მადლობას უხდიან ის ქართველებიც, ვინც თურქეთში იმყოფებიან. ამბობენ, რომ ისინი ქართულ მხარესთან მუდმივ კონტაქტზე არიან.

24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა თურქეთში. ელჩი კურიერს უყვება, რომ ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში მყოფ საქართველოს კიდევ 8 მოქალაქეს ეძებენ. პარალელურად, გიორგი ჯანჯღავა სტიქიის ზონაში მყოფ ქართველებს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას და ინფორმაცია მიაწოდონ მათი ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ.

არსებული ვითარების გამო თურქეთში განგაშის უმაღლესი დონე და 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ქართული სახელმწიფო დროშა დაეშვა ანკარაში, საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში სოლიდარობის ნიშნად.

 

დღის ამბები