01 აპრილი 2023,   11:36
ვრცლად
მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას - ხატია დეკანოიძე

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ხატია დეკანოიძე საკუთარ facebook გვერდზე წერს, რომ უშედეგო საპარლამენტო და საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას არ ემხრობა.

ხატია დეკანოიძე წერს, რომ თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა, ეს უმძიმესი პრობლემა იქნება როგორც პარტიისთვის, ასევე მიხეილ სააკაშვილისთვისაც.

"მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები.

თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) - ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა - უფრო არ გაუშვებენ მიშას.

მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს.

რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის," - წერს ხატია დეკანოიძე. 

დღის ამბები