



"ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია - გამონაკლისი მხოლოდ ხატია დეკანოიძეა, რომელიც ბოიკოტს შექმნილ ვითარებაში არაადეკვატურად მიიჩნევს.
"არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, ეს არ არის ახალი საზოგადოებისთვის. იმიტომ რომ ჩემმა კოლეგებმაც და მეგობრებმაც იციან ამის შესახებ, რომ ბოიკოტის თემა მე ვფიქრობ, რომ ახლა არის უადგილო, იმიტომ რომ ჩვენ მათ უნდა ვაჩვენოთ ის მორალური სიმძიმე, რომელიც მათ აქვთ. ასევე, მნიშვნელოვანია 12 პუნქტთან მიმართებაში,“ - ამბობს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ხატია დეკანოიძე.
მთავარი ოპოზიციური პარტიის ბოიკოტის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს ოპოზიციის უმეტესი ნაწილი. მათი განმარტებით, ბოიკოტი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას კიდევ უფრო დააზიანებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, რომელიც ამბობს, რომ რეკომენდაციების შესრულებისთვის აუცილებელია, რომ მუშაობა იყოს ყველა მხრივ და ფართო ჩართულობით.
"სრული პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე სტატუსი მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც გასაგებია. მე ვფიქრობ, რომ ბოიკოტი ამას ხელს არ უწყობს და არც საზოგადოებისთვის არის გასაგები, რატომ არ მუშაობს ოპოზიცია 12 პუნქტზე, როდესაც ეს ჩვენი ვალდებულებაა," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები არ უკვირთ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პარტია მნიშვნელოვან განხილვებში არც მანამდე მონაწილეობდა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ 9 რეკომენდაცია, რომელიც საკანონმდებლო სახით იქნა უკვე კანონად მიღებული, მათი ჩართულობის გარეშე მიიღეს.
"ნაციონალური მოძრაობის ჩართულობა არანაირად აქტუალური და საინტერესო არ არის, სამწუხაროდ. იმიტომ რომ წინა სხვა 9 რეკომენდაცია, რომელიც საკანონმდებლო სახით იქნა უკვე კანონად მიღებული, მათი ჩართულობის გარეშე იქნა მიღებული და შეგახსენებთ, რომ ფუნდამენტალური მნიშვნელობის საკითხები იქნა გადაწყვეტილი,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.