



პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის facebook პოსტს ეხმაურება. მაია ბითაძე მაკა ბოჭორიშვილის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და ამავდროულად, ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს. როგორც ბითაძე წერს, ზოგიერთი მათგანი, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის გამო, მზად არის კოლეგები ფეხქვეშ გათელოს.
"ჩემი უდიდესი პატივისცემა მაკას !!! და მართლა მრცხვენია, რომ ვიცნობ, სამწუხაროდ, ადამიანებს - "ვაი ოპოზიციიდან", ვინც, ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი - სამშობლო, კოლეგები, ადამიანები და თავად არც კი იციან, რა წერია ასოცირებაში, რამდენი კანონი დარჩა მისაღები და ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მარტივად-არ იციან, არ წაუკითხავთ, სწორედ ასოცირების ვალდებულებებს აპროტესტებენ!" - წერს მაია ბითაძე.
მაია ბითაძე მაკა ბოჭორიშვილის facebook პოსტს ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"პირველ რიგში იმ კოლეგებს მივმართავ, ვინც ამ დარბაზიდან ხელაღებით აწარმოებს ტყუილზე დაფუძნებულ ზიზღის, სიძულვილის, უმძიმესი ბრალდებების დაუნდობელ კამპანიას და შეგნებულად ახალისებს ძალადობას ამ ქვეყანაში:
თქვენი ძლიერი მხარე არის მხოლოდ სიყალბე, ტყუილი და სიძულვილი. სამივე განწირულია მარცხისთვის.
ვინც საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ იბრძვის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ასეთი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია, მინდა ყველას გასაგონად ვთქვა: ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა!
ამაზე დიდი ცინიზმი არ არსებობს.
ერს, რომელიც 30 წელზე მეტია იბრძვის რუსეთის გავლენის სფეროდან თავის დასაღწევად, ვინც იმას ეუბნება, რომ პრო-რუსი ხელისუფლება აურჩევია, მხოლოდ დასცინის.
ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი :
დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის გადაწყვეტილებითაც ქართველი გმირი სამხედროები ბოლომდე იდგნენ ავღანეთში ნატო-ს ძალების მხარდამხარ;
დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის გადაწყვეტილებითაც ქართველი გმირი ჯარისკაცები ევროკავშირის მისიებში მსახურობდნენ ცენტრალურ აფრიკაში და მალიში;
თქვენ კი რუსის იარლიყს აკერებთ.
საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოებში ათწლიანი ბრძოლის შედეგად რუსეთს სამართლებრივად დაარქვა ოკუპანტი ქვეყანა! ეს მაშინ როდესაც 2008 წელს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო, რომ რუსეთის აგრესიისთვის მსოფლიოს თავის სახელი ეწოდებინა და ეთქვა, რომ ეს იყო "რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ”.
დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის პრინციპული გადაწყვეტილებით 2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით, რამაც შეუქცევადი გახადა ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია; ეს მხოლოდ მაიდნის შემდეგ მოახერხა უკრაინამ და მაშინ ვერ მოახერხა სომხეთმა.
საქართველოს ხელისუფლებაში დღეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყველაზე მეტი საფრთხის ქვეშაა დღეს, მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებისა და ბრალდებებისა, მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.
სიყალბეა, როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ევროპულ მომავალზე. იმიტომ რომ თქვენთვის უცხოა ხალხის მოსმენა, უცხოა დემოკრატიის მთავარი საფუძველი ადამიანი და მისი უფლებები, უცხოა სახელმწიფოს ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვა და თქვენთვის უცხოა ღირსება.
კანდიდატის სტატუსი, რომელზეც ამდენს საუბრობთ აქციეთ ბრძოლის იარაღად და არა მიზნად.
ამაშია განსხვავება თქვენსა და ჩვენს შორის: ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, თქვენ კი ქვეყნის ევროპული მომავალი მხოლოდ სპეკულაციებისთვის და იარაღად გჭირდებათ.
ღალატი არის ის რასაც თქვენ ყოველდღიურად აკეთებთ: შეგნებულად ლობირებთ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ამ ხელისუფლების პირობებში და შემდეგ ეს გამოიყენოთ თქვენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად." - წერს მაკა ბოჭორიშვილი.