



პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბიუროს სხდომაზე იმ ადამიანების კრიტიკას უპასუხა, რომელთაც ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გაკეთებულ განცხადებებზე უარყოფითი პოზიცია გამოხატეს. პაპუაშვილის თქმით, არსებობს სია როგორც ქართველების, ასევე უცხოელების - ვინც პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია აწია და ეს ის ადამიანები არიან, ვინც ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს წინსვლას ეწინააღმდეგებიან.
პაპუაშვილის თქმით, "გუშინდელი მანიპულაცია მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული მესიჯების ჩამოყალიბება და გავრცელება. ბიუროს სხდომაზე სპიკერსა და თინა ბოკუჩავას შორის კამათი იყო".
"ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, თუ როგორ ხდება სიყალბის გავრცელება საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, პირდაპირ შეგიძლიათ აიღოთ სია იმ ადამიანების, რომლებმაც ეს დეზინფორმაციული კამპანია გუშინ აწიეს, ქართველების და უცხოელების სია აიღოთ და გვერდზე მიუწეროთ, რომ ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს წინსვლას ევროკავშირსა და ნატო-ში. ეს მანიპულაცია რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს არის სასკოლო მაგალითი თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული მესიჯების ჩამოყალიბება და გავრცელება შიდა თუ გარე წყაროებით და ლობისტებით, ფასიანი თუ უფასო დამხმარეებით, საქართველოს დისკრედიტაციის საკითხში. ასე, რომ ამასთან დაკავშირებით არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული კომენტარი იყოს საჭირო.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია”-ს თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოცხადება პარლამენტის თავმჯდომარემაც უნდა მოითხოვოს, რათა საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გაეცეს პასუხი.
"სწორი იქნება, რომ თქვენც მოითხოვოთ პრემიერ-მინისტრი წარსდგეს პარლამენტის წინაშე და ამ უმწვავეს კითხვებს, რომლებიც არსებობს საზოგადოებაში გასცეს პასუხები. რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ შორის, გუშინ გააკეთა ნატო-თან დაკავშირებით, რომელიც იყო ღია თავდასხმა ნატო-ზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.