23 სექტემბერი 2023,   01:25
ვრცლად
"გვსურს თავისუფალი და ევროპული პოლონეთი" - ვარშავაში და სხვა რამდენიმე ქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები გაიმართა

"გვსურს თავისუფალი და ევროპული პოლონეთი" - ამ შეძახილებით პოლონეთში მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლა გაიმართა. მხოლოდ ვარშავის ქუჩებში, დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი გავიდა. პრესის ინფორმაციით, ეს პოლონეთში ბოლო წლების განმავლობაში გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი აქციაა.

დემონსტრაციები გაიმართა კრაკოვსა და შჩეცინშიც. აქციაზე სიტყვით გამოვიდა ოპოზიციური პარტია "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერი დონალდ ტუსკი. ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლონელებს თავისუფალი, კანონმორჩილი და უსაფრთხო პოლონეთი სურთ.

დემონსტრაციაზე გააკრიტიკეს კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხელი უკვე მოაწერა, ახალი ინიციატივა ქვეყანაში რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კომისიას შეეძლება კონკრეტულ პირებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა აუკრძალოს, იმ შემთხვევაში, თუ კრემლთან მათი თანამშრომლობა დადგინდება. პოლონეთის მთავრობა აცხადებს, რომ კანონი ქვეყანაში კრემლის აგენტების წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა ანალიტიკოსები შიშობენ, რომ მთავრობამ, შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებები ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს.

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. პრესის ინფორმაციით, მასშტაბური დემონსტრაციით ოპოზიცია მხარდამჭერთა გაერთიანებას ცდილობს. მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლას. სოციალურ ქსელში ევროკავშირის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფის "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი გამოეხმაურა. მანფრედ ვებერმა, პროტესტს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

დღის ამბები