



სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისა და საზოგადოებრივი პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა განმარტეს, საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული მომავალი იყო. გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო,ფარცხალაძის საკითხს და პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც.
"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" საბოტაჟის გზით საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ევროპულ მომავალს.
"ერთის მხრივ, "ქართულმა ოცნებამ" საბოტაჟის გზით საფრთხე შეუქმნა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს , მეორეს მხრივ დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, საკუთარი გადაწყვეტილებით, რომ გადაეფაროს ფარად ფარცხალაძეს, რომელიც არის დასანქცირებული ჯაშუშობისთვის. ქვეყანა აღმოჩნდა ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე. ცხადია, რომ პრეზიდენტთან გვქონდა საუბარი ყველა ამ გამოწვევებზე", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ისაუბრეს.
"ბევრ სხვადასხვა საკითხზე იყო საუბარი. ძირითადად, კვლავ ევროინტეგრაციის პროცესი, ის პროცესი, რა პროცესშიც ჩვენი ქვეყანა ახლა იმყოფება. დახურული შეხვედრა იყო და დეტალებზე, ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებ. ქალბატონი პრეზიდენტი როდესაც ჩათვლის საჭიროდ ჩვენ გუნდთან შეხვედრას ყველა ჯერზე მივალთ", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
პარტია "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საზოგადოების დაკვეთა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, უნდა შესრულდეს.
"ის დაბრკოლებები, რომელსაც "ქართული ოცნება" ხელოვნურად ქმნის, არავის არ აშინებს. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სურვილი და დაკვეთა - საქართველო გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი, ეს პროცესი გაგრძელდეს და მივიდეს ლოგიკურ შედეგამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომლის ირგვლივაც უნდა კონცენტრირდეს ყველა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.