03 დეკემბერი 2023,   05:40
ვრცლად
ოპოზიცია იმპიჩმენტის პროცესს პრეზიდენტის დასჯის მცდელობად აფასებს

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ოპოზიციაში ეხმაურებიან - უმრავლესობის ოპონენტები მიმდინარე პროცესს პრეზიდენტის დასჯის მცდელობად აფასებენ და განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის კანდიდატის სტატუსზე.

"უფრო სწორია ვიდრე არასწორი იმიტომ, რომ სასამართლოში როგორც წესი წარმომადგენლები მონაწილეობენ ხოლმე, ეს მისი გადასაწყვეტი იყო, პარლამენტში ამ გადაწყვეტილებას დარწმუნებული ვარ, რომ არ და ვერ ექნება მხარდაჭერა. სასამართლოს მეგობრის სტატუსით გიორგი სიორიძე ჩვენ კონსტიტუციონალისტი ჩასულია და წერილობით ვაახლეთ სასამართლოს ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია თუ რატომაა იმპიჩმენტის აღძვრა არასწორი," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელოს" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოცხადებული იმპიჩმენტი, არამედ ქვეყნის ევროპული მომავლის იმპიჩმენტია.

"არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ შემთხვევაში დაარღვია თუ არა კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტმა. ეს არ არის იმპიჩმენტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. არა აქვს მნიშვნელობა სალომე იქნება ეს თუ სხვა ვინმე, ეს არის რეალურად იმპიჩმენტი ქვეყნის ევროპული მომავლის, ეს არის იმპიჩმენტი კანდიდატის სტატუსის," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დიდი მოლოდინი არ აქვს.

""ქართული ოცნება" ისეთი წარმომადგენლობითი დელეგაციით არის ჩასული, რომ მგონია, ეს შეიძლება სასამართლოს ზეწოლადაც კი შეფასდეს ამდენი მაღალჩინოსნის იქ მიბრძანება, აღსანიშნიც კი არის საკონსტიტუციო სასამართლოში. მეეჭვება, რომ იქ ისინი პროცესის წასაღებად მიდიოდნენ და დიდი მოლოდინი არ მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომ ისინი წინ აღუდგებიან ხელისუფლების ნებას," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები